გურუ მიფრინავს "გადავწყვიტე, ვწერო ჩემი მკითხველებისთვის და არა მკითხველები მოვუძებნო ჩემს ნაწერებს"
By ქორნი ბრაუნი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
იკაროსი − თავდაპირველი მითი ორი ნაწილისგან შედგებოდა. დედალოსმა თავის ვაჟს, იკაროსს უთხრა: "ეს ფრთები შენთვის შევქმენი. ორი წესი დაიმახსოვრე: ნუ იფრენ ძალიან მაღლა, თორემ მზე ცვილს დაადნობს და ბუმბული დაგცვივდება, მაგრამ, შვილო, ძალიან დაბლაც ნუ იფრენ, თორემ წყალი და ტალღები ფრთებს დაგისველებს და დაიღუპები". ჩვენ გამოვტოვეთ მითის მეორე ნაწილი, ადამიანებს აღარ ვეუბნებით: "ნუ იფრენ ძალიან დაბლა..." თუმცა 4 წლის ასაკიდან უკვე ვაფრთხილებთ, ერიდონ ქედმაღლობას. ჩვენ შევქმენით ისეთი სამრეწველო სტრუქტურა, რომელიც გვეუბნება: "როგორ ბედავ?!"
სეთ გოდინს ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლოგი აქვს მარკეტინგის შესახებ. მასვე ეკუთვნის ათზე მეტი საუკეთესო გაყიდვის მაჩვენებელი წიგნი და აქვს ვებგვერდი, რომელსაც ყოველთვიურად 50 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს. ის დიდ ძალისხმევას არ ხარჯავს მიმდევრების კულტივირებაში და ურჩევნია ვირალურად აღმოაჩინონ. გოდინი თავის მარტივ ანტრეპრენერულ დევიზს მიჰყვება, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: "მოახდინე რამე".
დღესდღეობით ის ამბობს, რომ დადგა დრო ხელოვანები და იმპრესარიოები წარუძღვნენ ბიზნესის სამყაროს. ახლა კი ჩვენ გვიმხელს ფილოსოფიას, რომელმაც იგი აქამდე მოიყვანა და ყოველივე ეს თავის წიგნში The Icarus Deception ("იკაროსის ცდუნება") მიმოიხილა.
1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც ინტერნეტი ჯერ კიდევ სიახლე იყო, სეთ გოდინი ციფრული ეკონომიკის ბუნებას ჩაეჭიდა და ელ.ფოსტის საშუალებით სხვებისთვის პირდაპირი მარკეტინგული ურთიერთობების სწავლებით გამდიდრდა. საკუთარი სტრატეგია თავისივე ინოვაციურ წიგნში Permission Marketing აღწერა და ინტერნეტის პიონერებისთვის მარკეტინგის გურუც გახდა.
მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, გოდინმა დაწერა ათეულობით წიგნი ბიზნესზე, გახდა Fast Company-ის ჟურნალის პოპულარული სვეტის ავტორი და ყოველდღიურად დაიწყო მასალის გამოქვეყნება SethGodin.com-ზე, რომელიც AdAge Power150-ის მარკეტინგული ბლოგების რეიტინგში, ტოპათეულში პირველ და მეორე ადგილებს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა. 2005 წელს გოდინმა ვებგვერდი Squidoo ჩაუშვა, რომელიც ჰობისტებს მათთვის საინტერესო თემების გამოქვეყნებასა და მონეტიზაციაში ეხმარება. ამჟამად ამ ვებგვერდს ყოველთვიურად 53 მილიონზე მეტი უნიკალური მნახველი ჰყავს.
ამის შემდეგ, სამი წლის წინ კი სეთ გოდინი მხედველობიდან გაქრა. "გადავწყვიტე, ვწერო ჩემი მკითხველებისთვის და არა მკითხველები მოვუძებნო ჩემს ნაწერებს", − განმარტა მან, − "მე ხელს არ ვუშლი უცნობებს".
გოდინი არც ისეთი მელოტია, როგორიც ფოტოებში ჩანს. თეთრი თმა დაბალზე აქვს შეკრეჭილი. ის გულითადია და უკვე ჩვევად აქვს ქცეული, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ჰასთინგს ონ ჰიუსტონში, თავის სახლში, რომელიც სახლ-ოფისად გადააკეთა, მისულ სტუმრებს საყვარელი ლანჩი − ყავისფერი ბრინჯი, ბოსტნეული და შემწვარი კვერცხი მოუმზადოს. ბოლო სამი წლის განმავლობაში გოდინი ახერხებს, რომ ყოველდღიურად წეროს თავის ბლოგზე და ამასთანავე ატაროს ლექციები და სემინარები. მას სრული განაკვეთით მომუშავე თანამშრომლები არ ჰყავს. როდესაც რომელიღაც პროექტზე დახმარება სჭირდება, თავის რეგულარულ კოლაბორატორებს უკავშირდება. გოდინი არც Facebook-ისა და არც Twitter-ის ფანია, მას არ ჰყავს პუბლიცისტი/პრესმდივანი. წიგნებს, რომლებიც თავისი ვენჩურული გამომცემლობიდან The Domino Amazon-ზე ჩაეშვა, განსაკუთრებული პიარკამპანია ან წიგნის მაღაზიების თაროებზე ფართო ტირაჟები არ ჰქონია, თუმცა მისი პროვოკაციული იდეები, როგორც პატარა წიგნები, ერთი ადამიანიდან მეორეში ვირალურად გავრცელდა.
თავისი ახალ წიგნით The Icarus Deception: How High Will You Fly? ("იკაროსის ცდუნება: რამდენად მაღლა იფრენ?") გოდინმა საკუთარი გაუჩინარების ხანა დაასრულა. წიგნი, რომელიც Penguins Group Portfolio-მ გამოსცა, Kickstarter-ის კამპანიას ეფუძნება, რომელმაც 30 დღეში 4242 ადამიანისგან $287,342 აშშ დოლარი შეაგროვა. "რაც კი გამიკეთებია, მათ შორის ამით ყველაზე მეტად ვამაყობ", − აცხადებს გოდინი, − "იკაროსით მივაღწიე ადამიანთა იმ ჯგუფამდე, სადამდე მიღწევაც ბლოგპოსტით გამიჭირდებოდა. მინდოდა ჩემი ცოდნა ამ ადამიანებისთვის გამეზიარებინა, რათა ისინი გახსნილიყვნენ და მათაც რაიმე ეცადათ".
გოდინი ჟურნალის ამ პროფაილით ცდილობს ურთიერთობა დაამყაროს ხელოვან ადამიანებთან და უთხრას, რომ ახლა სწორედ მათი დროა. "რამდენი ადამიანი მუშაობს ყოველდღიურად და ამბობს: "ამან შესაძლოა არ გაამართლოს", მაგრამ ამას მაინც აკეთებს? პასუხია, რომ ეს საკმარისი არაა. წიგნიც სწორედ ამის თქმას "ცდილობს" ადამიანებისთვის. იგი "ცდილობს" "დაანახოს" მათ სიამოვნება იმის თქმის უნარისა, რომ "ამან შეიძლება არ გაამართლოს", რადგანაც დღეს ძალიან უსუსურად აღიქმება, არ გამოგივიდეს რამე, შედარებით 50 წლის წინ რომ არ გამოგსვლოდა", − ამბობს ის.
ამასობაში კი, წარმატებას არასოდეს შემოუთავაზებია მეტი ჯილდო. "ადამიანებს ხელოვნების შექმნისთვის მეტ ფულსა და მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ახლა ისე, როგორც არასდროს", − აცხადებს გოდინი. ამაში არ იგულისხმებიან მხოლოდ მხატვრები და პოეტები, არამედ ანტრეპრენერები, მარკეტერები, შერეკილები, რომლებიც ცეკვავენ ქუჩაში და არ ეშინიათ საკუთარი თავის გამოხატვის, აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ თავიანთი აუდიტორია. "რაც უფრო დროულად გაუმკლავდები და მიიღებ ამას, უფრო მეტი შანსია, რომ აღმოჩნდები უფსკრულში ადამიანებთან ერთად, რომლებსაც არ სჯერათ თავიანთი იღბლის, ისევე როგორც მათ საწინააღმდეგოდ ადამიანებთან, რომლებიც წყევლიან სიბნელეს", − გვიყვება თანაბრად თავისი სამოთხის ან ჯოჯოხეთის სცენარზე, – "ეჭვი არ მეპარება, რომ ამაში მართალი ვარ. რაშიც არ ვარ დარწმუნებული, ესაა − რამდენი ხანი დასჭირდება ამას და როგორ არათანაბრად გადანაწილდება ეს.
ჩვენ დავტოვეთ ინდუსტრიული ერა, შეშლილთა ეპოქა, რომელიც დიდ მშენებლობას, კაპიტალის დაბანდებასა და მის ზრდას მოითხოვდა", − განაგრძობს ის, − "რეცესია პერმანენტული გახდა. ციკლური რეცესია დასრულებულია, მაგრამ ინდუსტრიული დასაქმება მუდმივად იკლებს, რაც მთელი ჩვენი ცხოვრება გაგრძელდება".
რაც ახლა გვაქვს, როგორც თვითონ ამბობს, არის "კავშირის ეკონომიკა", რომელშიც იმპრესარიოები არიან ახალი, ე.წ. დიდი ადამიანები კამპუსში. "ჩვენ ვართ "ხელნაკეთი აზრების" ერაში, რომელშიც ადამიანები სხვადასხვა გზით სხვა ადამიანებს ეხებიან და ახდენენ ცვლილებებს". როგორ კარგადაც უნდა ჟღერდეს, − და გოდინი დარწმუნებულია, რომ ეს კარგია, − შესაძლოა ეს გამანადგურებელი და პრობლემურიც იყოს. მოსალოდნელია, რომ ყველა ვერ შეძლებს სხვებისთვის მუშაობიდან საკუთარი თავისთვის მუშაობაზე გადასვლას. ეს ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი "იკაროსში", რომელსაც გოდინი ვრცელ განცხადებად მიიჩნევს, თუმცა წიგნი, რომელიც მისი ცნობიერების ნაკადით, თავისებური დისკურსიული სტილითაა დაწერილი, არც ძალიან ვრცელია და არც პროტესტის გამომხატველი. ეს გოდინის საჯარო მიმართვაა, რათა შესაძლებლობის მომენტს ჩაეჭიდოს და ბარიერების აღმართვამდე მიწვდეს მას. თუ საკმარისი ადამიანი შექმნის საკმარის კარგ ხელოვნებას, შესაძლოა იმპრესარიოებმა მართონ სამყარო − ესაა იდეა, რომელსაც გოდინი მიმზიდველად მიიჩნევს.
შედით წიგნის ნებისმიერ მაღაზიაში და ნახავთ სათაურებს, რომლებიც გპირდებიან მოწყენილობისგან გათავისუფლებას, ასობით სწრაფ გზას სიმდიდრემდე და ცნობადობამდე. დღეისათვის თვითშთაგონების გურუ ტიმ ფერისია. მისი წიგნები გასწავლით, როგორ გახდეთ მდიდრები მინიმალური შრომით, The 4 Hour Workweek-ში ("4-საათიან სამუშაო კვირაში") ეს ყველაფერი წერია.
გოდინის წიგნები პირიქითაა − "როგორ მივაღწიოთ"-ს ნაცვლად, აქ წერია: "რა არის", რომლითაც ბიზნესში არსებული ტენდენციები მოკლე, ემოციურ ფრაზებშია აღბეჭდილი. Unleashing the Ideavirus ("იდეავირუსის გათავისუფლება") (2001) არის სტრატეგია, საზოგადოებაში ცვლილების შთაგონებისთვის. Purple Cow ("მეწამული ძროხა") (2003) არის წიგნი, რომელშიც განხილულია უნიკალურობის ძალა ერთნაირების სამყაროში, ხოლო Tribes ("ტომები") (2008) გვიხსნის ახალ გზებს, თუ როგორ ვუწევთ საკუთარ თავს ორგანიზებას ჰიპერდაკავშირებულ მსოფლიოში. რომელ კონკრეტულ საბაზრო ფენომენსაც უნდა აღწერდეს, გოდინის გზავნილი ერთი და იგივეა: თვალი გაუსწორე შენს შიშს. გარისკე მარცხი. იბრძოლე. შეინარჩუნე. იყავი თავისუფალი. გოდინი არ სთავაზობს მკითხველს მოკლე გზებსა და პირდაპირ მიმართულებებს.
"სეთი ადამიანთა იმ მცირე რიცხვს ეკუთვნის, ვის მიმართაც კომფორტულად მოვიხმარდი ზედმეტად ხშირად გამოყენებულ სიტყვა "გურუს", − აცხადებს კევინ კელი, რომელიც ჟურნალ Wired-ის ერთ-ერთი ვიზიონერი და What Technology Want-ის ("რა უნდა ტექნოლოგიას") ავტორია, – "ფაქტობრივად, გურუ სიბრძნის გამავრცელებელი მასწავლებელია და არა უბრალოდ ექსპერტი. სეთი ნამდვილი გურუა, ის ავრცელებს და ასწავლის სიბრძნეს. ის მუდამ ახსენებს ყველას მარადიულ ჭეშმარიტებებს, შემდეგ ყველაფერს თავდაყირა აყენებს, მუდმივად ეკითხება საკუთარ თავს და გეკითხება შენ − ობიექტურია ამ ორს შორის".
მაიკლ უეინი თავის ციფრულ მედიაკომპანია DECA-ს ქმნიდა, როცა გოდინმა წიგნი Tribes ("ტომები") გამოაქვეყნა. "მან აღბეჭდა ის, რასაც ყველა ვფიქრობდით და განვიცდიდით, ვიდრე ამას ვინმე სახელს დაარქმევდა. ეს წიგნი ჩემს ოფისში ყველასთვის ვიყიდე", − აცხადებს უეინი.
გოდინი საკუთარ თავს მასწავლებელს უწოდებს და ურჩევნია თავის სტუდენტებს კომპასი მისცეს, ვიდრე რუკა. "ვცდილობ, ადამიანებს ვუთხრა: მხოლოდ ერთი წუთით, მოირგეთ სათვალეები და დაინახეთ მსოფლიო ისეთი, როგორიც მე წარმომიდგენია", − ამბობს ის, – "ეს მუშაობს თქვენზე? სწორია? გასაგებია? და თუ ასეა, არ გააკეთოთ ის, რაც ვთქვი, რომ გაგეკეთებინათ. თვითონ მოიფიქრეთ თქვენი შემდეგი ნაბიჯი".
იმ პერიოდში, როცა გოდინმა წერა დაიწყო, მისი სტუდენტები დიდი მარკეტინგული დეპარტამენტის მქონე კომპანიებში მუშაობდნენ. ახლა კი ის ესაუბრება ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ მის აზრს პოსტინდუსტრიულ სამყაროზე და სურვილი აქვთ, კორპორაციულ მსოფლიოში არსებული კლიშეები ჩამოიშორონ. "პრობლემების მოსაგვარებლად უკვე არსებული უსაფრთხო და ჭკვიანური ნაბიჯების ჩამონათვალი ადვილად იყიდება, მაგრამ ეს რეალური არაა. მეტიც − ეს არ მოახდენს პროგრესს სამყაროში. რაიმე მნიშვნელოვანის მოსახდენად, უნდა მოახერხოთ იმის გაკეთება, რასაც სულელი ვერ შეძლებდა. ეს ნაბიჯები სისულელისგან დაცული არაა, პირიქით − სარისკო და საშიშია, ეს მოითხოვს მზად იყოთ მარცხისათვის და სურვილს, მიიღოთ სამყარო ისეთი, როგორიც არის", − ამბობს გოდინი.
1960-იანი წლები ქალაქ ბუფალოში პატარა ბავშვისთვის, რომელიც ახლა ფიქრობს, რომ მაშინ ყურადღების დეფიციტს განიცდიდა, საკმაოდ მტკივნეული პერიოდი იყო. ყველა ჰოკეის თამაშობდა, მათ შორის გოდინიც, მიუხედავად იმისა, რომ ყინულის მოედანზე გაკრიტიკების მძაფრი შიში ჰქონდა. ყველა საზაფხულო ბანაკში მიდიოდა, ამიტომ გოდინის მშობლებმაც შვილი ჩრდილოეთ ონტარიოში, "აროჰონის ბანაკში" გაუშვეს. "ბავშვობაში არ მომწონდა ბანაკი, იქ გარემოს უნდა მორგებოდი და საკმაოდ ხშირი იყო ბულინგი", − ამბობს გოდინი. თუმცა ბანაკში საკუთარი ნიშა მან კანოეს ინსტრუქტორობაში იპოვა.
გოდინის მოვალეობა მხოლოდ კანოეთი ცურვის სწავლება არ იყო, მას უნდა დაერწმუნებინა ბანაკის შემადგენლობა, რომ სწორედ ამ საქმით დაკავებულიყვნენ და არა ცხენოსნობით ან ცურვით. "კანოეთი ცურვა რთული და საშიში იყო, რადგან თუ რამეს არასწორად გააკეთებდი, შეიძლებოდა ქარს ტბის მეორე მხარეს მოესროლე. ერთი წლის განმავლობაში ამას არასწორად ვაკეთებდი, თუმცა შემდეგ უკვე შემეძლო დავლაპარაკებოდი ადამიანებს, ისინი ნავში სწორად ჩამესვა, მესწავლებინა სუნთქვა სხვადასხვანაირად, ჩავრთულიყავი ყველა მომენტში ნავზე ყოფნის პერიოდში. მე შევცვალე ადამიანები და შევცვალე ჩემი თავიც ამ პროცესში. ამ საქმეს 5-6 წელი ვაკეთებდი, კარგად გამომდიოდა და მეც მიყვარდა. ამის შემდეგ ვცდილობ, ხელახლა შევქმნა ეს", − აცხადებს სეთ გოდინი.
1984 წელს, როდესაც გოდინმა სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლა დაამთავრა, წიგნების საგამომცემლო კომპანია დააფუძნა და გამომცემლებს დასრულებულ კონცეფციას სთავაზობდა. თავდაპირველად მან წარმატებას მიაღწია, რასაც შემდგომში 900-ჯერ წარუმატებლობა მოჰყვა. შემდეგ, როგორც თვითონ ამბობს, სანამ ყველაფერს საბოლოოდ გააფუჭებდა, თავისი ხსნა იპოვა. "ეს მაისური ჩემი ყველაზე ძვირფასი საკუთრებაა", − გვაჩვენებს ტანსაცმელს, რომელზეც ანიმაციური ფილმის სახე მრგვალი სათვალეებითაა გამოსახული და რომელიც შემდგომში მისი ლოგო გახდა, – "ეს მაისური 40 მილიარდი დოლარი ღირს".
ადრეულ 1990-იან წლებში, სანამ ინტერნეტი ბოლომდე ჩამოყალიბდებოდა, გოდინმა ჟურნალში იმ "საინტერესო ამბებზე" დაწერა, რომლებიც ინტერნეტში ხდებოდა, ეს ყველაფერი კი $80,000-იან გარიგებად აქცია და წიგნი Best Of The Net ("ქსელში საუკეთესო") დაწერა. ის მაისურიც ამ პროექტის შემადგენელი ნაწილი იყო. "ძალიან ბევრი ადამიანი დავიქირავე. ამ ყველაფერს ექვსი თვე დასჭირდა. 250-გვერდიანი წიგნი შევქმენით და 2000-მდე ეგზემპლარი გავყიდეთ". ამავე პერიოდში "ჯერი იანგმა და დევიდ ფაილომ ნახეს, რა ხდებოდა ინტერნეტში და იფიქრეს, რომ საუკეთესო გზა საძიებო სისტემის გაკეთება იყო, ამიტომ Yahoo შექმნეს", − განაგრძობს გოდინი, − "მე ვიცოდი ის, რაც მათ იცოდნენ. მქონდა იგივე რესურსები, რაც მათ ჰქონდათ და მე შევქმენი წიგნი, რომელიც არ გაიყიდა, მათ კი შექმნეს კომპანია, რომელიც $80 მილიარდი ღირს. მივხვდი, რომ შეიძლებოდა იმის ნახევარი მაინც მქონოდა, რაც მათ ჰქონდათ, ამიტომაც ღირს ეს მაისური ჩემთვის $40 მილიარდი", − ამბობს გოდინი.
გოდინის თქმით, ეს ფასდაუდებელი გაკვეთილი იყო. მან ინტერნეტმარკეტინგის კომპანია Yoyodyne ჩაუშვა და 1998 წელს Yahoo-ს მიჰყიდა, იმ პერიოდში, როცა Yahoo-ს აქციების ფასი ყოველდღიურად 2%-ით იზრდებოდა. Yoyodyne პატარა, მოუწესრიგებელი კომპანია იყო, თუმცა მისმა გავლენამ მოლოდინს გადააჭარბა. ინტერნეტმომხმარებლებს ყველა, როგორც საბაზრო საქონელს, ისე ექცეოდა, გოდინი კი ურთიერთობებზე ქადაგებდა. "სეთს უყვარს იმის თქმა, რომ დაქორწინების ორი გზა არსებობს: შეგიძლია მიხვიდე ყველა მარტოხელა გოგოსთან და იქონიო იმედი, რომ რომელიღაც მათგანი მაინც დაგთანხმდება, რასაც ტრადიციული რეკლამა აკეთებს, ან შეგიძლია უფრო მეთოდური მიდგომა გამოიყენო − უპირველესად ვინმე პაემანზე დაპატიჟო და კარგად გაიცნო, შემდეგ ისევ პაემანი, და საბოლოოდ დაქორწინდე", − აცხადებს მაიკლ ლანდაუ, Yoyodyne-ის თანამშრომელი, რომელიც Yahoo-ს ბრენდმარკეტინგის ვიცეპრეზიდენტი გახდა და ახლა სალონების ქსელ Drybar-ის აღმასრულებელი დირექტორია.
ლანდაუს თქმით, კომპანია Yoyodyne მისთვის "მომწამვლელი" გამოცდილება იყო: "მსოფლიო მთლიანად იცვლებოდა და არავინ იცოდა, რა უნდა ექნა. სასოწარკვეთილება ამის დასახასიათებლად არასწორი სიტყვაა, მაგრამ ჩვენი კლიენტები მადლიერები იყვნენ იმისთვის, რომ ვიღაც ეხმარებოდა, ამ ყველაფერში გარკვეულიყვნენ", − ამბობს ლანდაუ.
გოდინმა აგვიხსნა, რას აკეთებდა თავისი მომხმარებლებისთვის: "ჩვენ არ ვყიდდით რეკლამებს. მაშ, რას ვყიდდით?" − იგი ფიქრის პროცესს იხსენებს, − "ერთ დილით შხაპის მისაღებად შევედი და იქამდე არ გამოვედი, სანამ პასუხი არ მივიღე. როგორც კი ცხელი წყალი შეწყდა 15-20 წუთში, პასუხი უკვე მქონდა. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის "ნებართვის მარკეტინგი" − ჩვენ წინასწარ განსაზღვრულ, პერსონალურ და შესაბამის გზავნილებს ვაწვდით იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ მათი მიღება", − განმარტავს გოდინი.
"სეთმა მარკეტინგის თავისი სკოლა შექმნა", − ამტკიცებს პოპულარული "სილიკონ ველის" ბლოგერი გაი კავაზაკი, − "ის არავის ერგება, განცალკევებასა და ნებართვაზეა ორიენტირებული და არ სთხოვს მომხმარებლებს ისეთი რამის გაკეთებას, რასაც თქვენ არ გააკეთებდით".
ლანდაუ გოდინს მენტორს უწოდებს, რომელმაც "ნამდვილად შეცვალა ჩემი კარიერა და ცხოვრება. გოდინი შესაძლოა ყველაზე იმედგამაცრუებელი ადამიანი იყოს, რადგან იგი დაგაფიქრებს, არასოდეს გეტყვის რა გააკეთო, არასოდეს მოგცემს პასუხებს, ის მიგითითებს მიმართულებისკენ, რათა იქამდე შენით მიხვიდე", − ამბობს ლანდაუ.
Drybar-ში ლანდაუს ხარჯების კონტროლი უჭირდა. უფრო კონკრეტულად, ტელეფონით დაჯავშნის ხარჯებისა. იგი ფიქრობდა $1-ით დაბალი ფასი შეეთავაზებინა მათთვის, ვინც ონლაინ დაჯავშნიდა, თუმცა გოდინის რჩევამ მას აზრი შეაცვლევინა: "გააორმაგე რასაც ხარჯავ სატელეფონო ოპერატორებზე, ხელი შეუწყვე მომხმარებლებს, რომ დარეკონ, ამ ადამიანებს უყვართ შენს ბრენდთან დაკავშირება, ისინი "მახარებლები" არიან". ლანდაუ ამბობს, რომ ამ სიტყვებმა სრულიად შეცვალა მისი ფიქრები. ნამდვილად − ფრაზა "არასოდეს გააფუჭო ურთიერთობა მომხმარებელთან", უკვე 20 წელია "გოდინიზმია".
ერთი წლის შემდეგ, Yahoo გასხვისდა. გოდინმა სილიკონ ველი დატოვა და ჰუდსონის ხეობაში მწერლობას დაუბრუნდა, რათა ადამიანებს თავიანთი მარკეტინგული უნარების გაუმჯობესებაში დახმარებოდა. "რაც ძალიან კარგია და რაც არ დამიგეგმავს, ისაა, რომ ჩემი მკითხველები დაბალი იერერაქიისა და შემოსავლის მქონე ადამიანებიც არიან. ეს ვრცელდება მასწავლებლებზე, რესტორნის მიმტანებზე, რომლებსაც თავიანთი გამომუშავებული თანხის გაზრდა უნდათ, მუსიკოსებსა და მხატვრებზე, რომლებსაც ფულის შოვნა სურთ. ეს ყველაფერი ახალია".
The Icarus Deception ("იკაროსის ცდუნება") გამოწვევაა. ამ პროექტში Kickstarter-ის ინვესტორებისთვის საჩუქარი − გოდინის საუკეთესო ბლოგპოსტების ნაკრებია. "წიგნის სახელია This Might Work ("ამან შესაძლოა გაამართლოს") მაგრამ, როდესაც გადმოატრიალებ, უკანა გვერდზე წერია This Might Not Work ("ამან შესაძლოა არ გაამართლოს"), და თუ წიგნს გადაშლი, ნახავ ჩემი პროექტების სიას, რომლებმაც საერთოდ ვერ გაამართლა. შენ უნდა მიიღო ის, რაც არ ამართლებს, თორემ ვერც ითამაშებ", − აცხადებს გოდინი. მისი მტკიცებით, თუ შეძლებ, ეს ყველაფერი მიიღო და მსოფლიოს შენს ხელოვნებას შესთავაზებ, ცხოვრება გაუმჯობესდება. სიახლეები შესაძლებელია − მოწმე ვართ ხელოვნების რევოლუციისა, რომელმაც ორი წლის წინ სურსათის ინდუსტრიის მსოფლიო ჩაანაცვლა. მასობრივი ბაზრის მწარმოებლები, მაგალითად, როგორიცაა Procter & Gamble, ცარიელი დახლებით აგებს იმპრესარიოების წინააღმდეგ. "თუ ეს არ მოხდება საკუთარ ინდუსტრიაში, მაშინ შენი ინდუსტრია ან მკვდარია ან საერთოდ უნდა წამოხვიდე იქიდან", – გვაფრთხილებს გოდინი.
"კავშირის ეკონომიკა სიუხვეს ქმნის. მომავალში აღარ იარსებებს ზოგიერთი ჩვენთვის ნაცნობი პროფესია, თუმცა ლიდერებისთვის შესაძლებლობების რიცხვი გაიზრდება", − აღნიშნავს გოდინი. ეს იმიტომ, რომ ინტერნეტი, რომელიც კავშირისა და მარკეტინგის მანქანაა, ყველას აძლევს რაიმეს შექმნის შესაძლებლობას.
"არ მინდა ჩავუღრმავდე, თუ რამდენად რევოლუციურია ეს ყველაფერი, რადგან ადამიანებს შეუძლიათ მოიგონონ ისეთი რაღაცები, რაც წარმოსახვის საზღვრებს უახლოვდება. აზრი, რომ იარსებებენ ფრანჩაიზერები ფრანშიზას გარეშე, არც ისე წარმოუდგენელია − მხოლოდ ორი წელი გვაშორებს აქამდე. იდეა, რომ თუ ტელევიზორში ვერ მოხვდები, შეგიძლია შენი შოუ გააკეთო და მაუწყებლობა გქონდეს, სწორედ ახლა ხორციელდება. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროში ხართ − თქვენი ბანქოს ქაღალდები იხსნება. ვეღარ გაიშვერთ ხელს იქ არსებული საზღვრებისკენ, რადგან თუ მოგინდებათ, მარტივია მათი მოშლა".
"1918 წელს რა ფრაზასაც მოისმენდით, იყო: "დარწმუნდით, რომ გაქვთ საამწყობო კონვეიერი, დარწმუნდით, რომ გაქვთ კონვეიერული წარმოება". 1950 წელს მოისმენდით: "იყიდეთ მეტი რეკლამა". ახლა კი, რაც უნდა იცოდეთ, არის: "იყავით გულუხვები, შექმენით მეტი ხელოვნება, რომ იყოთ სანდო". თუ შეძლებთ ამის მაქსიმიზაციას, სხვა ყველაფერი თავის თავს თვითონ მიხედავს".
კორი ბრაუნი − LOS ANGELES TIMES-ის ყოფილი რედაქტორი, ZESTER DAILY-ის დამფუძნებელი და მთავარი მენეჯერი, AN INTERNATIONAL JOURNALISM COOPERATIVE (საერთაშორისო ჟურნალისტიკის თანამშრომლობა).
პოსტ სკრიპტუმ: ეს პროფილი დავწერე, როცა ორი პროფესიით ვმუშაობდი − ვიყავი ჟურნალისტიც და ანტრეპრენერიც. ჩემს სკეპტიკურ ცნობისმოყვარეობაში ადგილი დაეთმო ოპტიმიზმსაც და იქნებ აქედან ვისწავლო ისეთი რამ, რაც ჩემ მიერ დაფუძნებული ჟურნალისტების ბიზნესკოოპერატივის − ZESTER DAILY-ის განვითარებაში დამეხმარება.
გოდინს ვკითხე უნარებზე, ნიჭსა და კავშირებზე. "თუ ჩვენ ვსაუბრობთ ბრწყინვალე ადამიანებზე − გულის ქირურგებზე, ვფიქრობ დამეთანხმებით, უნარები არის პირველიც, მეორეც და მესამეც, რაც ყველაზე მეტად მადარდებს. მაგრამ ყველა, ვინც კი დღევანდელ ეკონომიკაში პროგრესირებს, სერტიფიცირებული უნარებით არ აკეთებს საქმეს. ასე რომ, რომელ უნარებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, მსოფლიოს რეალურად აღქმის უნარი; უნარი, წარმოიდგინო სხვა ადგილი − როგორადაც აქცევდი მსოფლიოს. ეს არის ძირითადი ადამიანური უნარები და არა ისეთი რამ, რასაც ჰარვარდში ისწავლი", − მიპასუხა მან.
მე ვკითხე ფულზეც. "ყველას, ვისაც გამოწერილი აქვს ეს ჟურნალი, ფლობს საკმარის რესურსებს იმისა, რომ ძალისხმევა დახარჯოს რაიმეზე მსოფლიოში და ნახოს, რა მოხდება. ეს არასოდეს ყოფილა მარტივი. ჩვენ დაგაკავშირეთ მილიარდ ადამიანთან სრულიად უფასოდ. არაფერი დაგიჯდებათ eBay-ზე ბიზნესის წამოწყება − თუ არავინ შეიძენს თქვენს ნივთებს eBay-ზე, მაშინ არ გაყიდოთ. არაფერი დაგიჯდებათ Google Ads-ის შეძენა − თუ არავინ გადავა თქვენს ვებგვერდზე, გადასახდელი მაინც არაფერი გექნებათ. უფასოდ შეგიძლიათ გქონდეთ ბლოგი და გაანდოთ მკითხველებს თქვენი საიდუმლოებები, თუ არავინ წაიკითხავს, არც არაფერი მოხდება".
წარუმატებლობაზე ფიქრი მანაღვლიანებს, − ვუთხარი მე, − "თუ ZESTER-ი არ გაამართლებს, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავს დანაღვლიანებისგან იცავ. ხელოვნება მტკივნეულია. როცა ბობ დილანი სცენაზე ელექტრონული ინსტრუმენტებით წარდგა, აუდიტორიისგან ნეგატიური შეძახილები მიიღო. ნეგატიური რეაქცია ჰქონდა აუდიტორიას მაშინაც, როცა გოსპელის ტურნეში წარდგა, თუმცა დილანს The Monkees-თან ერთად სცენაზე ნეგატიური შეძახილები არასოდეს მიუღია", − მითხრა გოდინმა.
შემდეგ აუდიტორიის პოვნაზე ვკითხე. "ზოგადად, ადამიანთა ჯგუფი თვითონ გპოულობს", − მითხრა მან, − "თუ ისინი იმალებიან, მათ ვერასოდეს იპოვი, ხოლო თუ ისინი გპოულობენ შენ, ეს იმიტომ, რომ გულუხვი ხარ სხვების მიმართ შენსავე ჯგუფში. გულუხვობა ინდუსტრიულ გარემოში აუდიტორიისთვის რაიმეს გაცემას ნიშნავს, თუმცა მე ვსაუბრობ მათთვის სიკეთის, ყურადღებისა და კავშირის გაცემაზე. მე დავფიქრდი ZESTER-ზე. გარდა კარგად წერისა, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ხარჯავს დროს მის წაკითხვაში, სწორედ ის ჯგუფია, რომელთან წვდომა გარკვეულ ადამიანებს თავიანთი რეკლამებით სურთ. თუმცა აუდიტორიას ეს არ უნდა, ამას მხოლოდ მაშინ დათანხმდებიან, როცა შენ დომინანტი გახდები და მათ არჩევანის საშუალება არ ექნებათ. საიდუმლო კი არის ის, რომ თუ შენი ყველა მომხმარებელი 10-ზე მეტს მოგცემს და შენ ამას სამჯერ შეძლებ, მაშინ მოიგებ", − კორი ბრაუნი