8 გზა, რომელიც მოვალეობის შესრულებაში დაგეხმარებათ საკუთარი თავისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ოცნებების განხორციელებას ნიშნავს
By დიპ პატელი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ადამიანთა უმრავლესობა საკუთარ იმედსა და ოცნებებზე, მიზნების მიღწევის სურვილზე დაუსრულებლად ლაპარაკობს, მაგრამ დრო გადის და ოცნებები ოცნებებად რჩება, მიზნების მისაღწევად კი არაფერს ვაკეთებთ. მათ ასრულებას შორეულ მომავალში ვგეგმავთ.
შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე შესანიშნავი იდეა გქონდეთ და ნიჭითა და ამბიციებით იყოთ აღსავსე, მაგრამ თუ თქვენი კონცეფციების გამოსაცდელად მოქმედებაზე არ გადახვალთ, ვერასოდეს დაადგენთ, წარმატებას მიაღწევთ თუ არა. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი იდეების განხორციელებაზე პასუხისმგებლობის აღება. პასუხისმგებლობა მიზნების შესრულებისა და ოცნებების ასრულებისკენ გიბიძგებთ. მისი წყალობით შედეგებს სწრაფად მიაღწევთ, იგი თანმიმდევრული და სტაბილური პროგრესის მიღწევაშიც დაგეხმარებათ.
შეწყვიტეთ ოცნებები. ამ 8 მეთოდით იხელმძღვანელეთ და მოქმედებაზე გადადით. იდეის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა უსათუოდ უნდა აიღოთ საკუთარ თავზე, თუნდაც ეს უზომოდ მძიმე მოვალეობად მიგაჩნდეთ.
1. უკიდურესად პატიოსანი იყავით საკუთარი თავის წინაშე
ადამიანი შესაძლოა რომელიღაც სფეროში უზომოდ ნიჭიერი იყოს, მაგრამ სხვაგან მოიკოჭლებდეს. მაგალითად, ზოგიერთს წერა გამოსდის კარგად, მაგრამ უშუალო ურთიერთობა და საუბარი უჭირს. საკუთარ მიზნებზე პასუხისმგებლობა რომ იტვირთოთ, გონივრული გეგმები უნდა დასახოთ. ისეთი, რომელიც თქვენს ძლიერ მხარეებს გამოაჩენს და მეტად განავითარებს, ხოლო სუსტს დაფარავს.
ყველაზე მნიშვნელოვანია, უკიდურესად გულახდილი იყოთ საკუთარი თავის შეფასებისას − თქვენი ნიჭიც უნდა დაინახოთ და ნაკლოვანებაც. ამ გზით კარგად შეძლებთ განსაზღვრას, რომელი იქნება საუკეთესო თქვენი მიზნების მისაღწევად.
რა ტიპის გარემოში მიაღწევთ წარმატებას და რა შემთხვევაში მოგეცარებათ ხელი? დაფიქრდით, როგორ შეძლებთ საკუთარი უნარების გაუმჯობესებას იმ საკითხებში, რომელშიც სუსტი ხართ. დაადგინეთ, რომელი ფაქტორები გიბიძგებთ წარმატებისკენ და რომელი გაყენებთ სწორ გზაზე.
2. დაიცავით გრაფიკი
ნებისმიერი საქმე გეგმის შედგენით იწყება. ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა არა იმ გრაფიკის შედგენაზე ზრუნვაა, რომელიც საბოლოო მიზნამდე მიგიყვანთ, არამედ მხოლოდ მიზნების მისაღწევი ვადების დადგენა გახლავთ. ხშირად საბოლოო მიზანზე გვაქვს ყურადღება გამახვილებული (8 კილოგრამის დაკლება; წიგნის დაწერა; ბიზნესის წამოწყება) და გვავიწყდება, რომ ნებისმიერი მიზანი პატარ-პატარა ნაბიჯებით მიიღწევა. ჯადოსნური გზით ეს არასოდეს მოხდება. თუმცა, შესაძლოა ამის იმედი გვაქვს, ვოცნებობთ და მთელი გულით გვსურს, მაგრამ თუ სტაბილური პროგრესისკენ სვლას თავად არ დავიწყებთ, ნამდვილად შეუძლებელი იქნება.
უკიდურესად მნიშვნელოვანია ისეთი გრაფიკის შედგენა, რომლის შესრულებასაც ნამდვილად შეძლებთ. იგი თქვენი სამოქმედო გეგმა უნდა გახდეს, მას უნდა მისდიოთ. უნდა შეაფასოთ, თანმიმდევრულად და მტკიცედ მიიწევთ თუ არა წინ. გრაფიკში ისეთი მკაფიო მიზნები უნდა დასახოთ, რომელიც გონივრულ ვადებში შესრულდება. ამ გზით თქვენთვის დიდი მიზნების კონკრეტულ, ქმედით ნაბიჯებში გადატანა ბევრად მარტივი გახდება.
თუ მიზნად თქვენს ანგარიშზე ხელმომწერთა რაოდენობის გაზრდა და მომხმარებელთა ბაზის გაფართოება დაისახეთ, შემდეგ გზას უნდა მიმართოთ: შეეცადეთ მინიმუმ თქვენს ბრენდსა და საქმიანობაზე კვირაში ერთხელ მაინც სრულიად ახალი ინფორმაცია მიაწოდოთ მომხმარებელს, ყოველ პარასკევს კი, აუცილებლად სტატია, ბლოგი ან ვიდეორგოლი. რაც უნდა მოხდეს, ამ გეგმას არ გადაუხვიოთ. საინტერესო ინფორმაციის წყალობით, ბევრ მიმდევარს შემოიკრებთ, ხელმომწერები გაგიჩნდებათ და თქვენი ბრენდი ცნობილი გახდება. ეს თქვენი მიზნის მისაღწევი კონკრეტული ნაბიჯებია.
3. დასახეთ მიკროგეგმები
უკვე იცით, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება. ყოვლისმომცველი გეგმაც გაქვთ შედგენილი და მისი შესრულების გრაფიკიც. მაგრამ ამ უზარმაზარი მთის წვერზე ასვლა იმდენად რთული ჩანს, რომ ადამიანები როგორც წესი, უკან იხევენ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება უკიდურესად უჭირთ. ასეთ შემთხვევაში, საკუთარ თავს წინააღმდეგობა გაუწიეთ და სწორი მიმართულებით სვლა პატარა ნაბიჯებით დაიწყეთ.
ამის გაკეთებას თქვენი გეგმის თითეული სეგმენტის პაწაწინა "მიკრომიზნებად" დაყოფით შეძლებთ. დიდი სამიზნე ამოცანები, რომლებიც წარმატების სულ მცირე შესაძლებლობას იძლევა, უმცირეს ნაწილებად დაყავით და თქვენს გრაფიკში თითოეული ასეთი პატარა ნაბიჯი შეიტანეთ. თქვენი მიზნები ისე დაანაწევრეთ, რომ სულ პატარა, ადვილად მისაღწევ მიკრომიზნებად იქცეს. ამასთან ერთად, გახსოვდეთ, რომ ყოველი პატარა მიღწევა აუცილებლად უნდა აღნიშნოთ.
პროგრესი და პასუხისმგებლობის გრძნობა ერთმანეთის მხარდამხარ დადიან. თუ ნაბიჯ-ნაბიჯ შეეცდებით ყველაფრის გაკეთებას და პასუხისმგებლობით შეხედავთ ნებისმიერ წვრილმანს, ბევრი საქმე არ დაგიგროვდებათ, გზას გააგრძელებთ და პროგრესსაც მიაღწევთ.
როგორც Harvard Business Review-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, ადამიანებს ხშირად მთელი ყურადღება გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე აქვთ გამახვილებული; სინამდვილეში, სწორედ პატარა გამარჯვებები ან მცირე მიღწევები იძლევა დიდ სტიმულს, ძლიერ გავლენას ახდენს შემოქმედებით უნარებსა და შრომის ნაყოფიერებაზე.
4. მოძებნეთ პარტნიორი
მოძებნეთ ადამიანი, რომელიც თქვენს პასუხისმგებლობას გაიზიარებს, ყველაფერში მხარს დაგიჭერთ და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ (და თქვენც იგივეს გააკეთებთ მისთვის). თუ მიზნების მიღწევას დამოუკიდებლად ცდილობთ, არც მენეჯერი გყავთ და არც მმართველი, ამგვარი პარტნიორი პასუხისმგებლობის გრძნობას მაშინ გაგიძლიერებთ, როდესაც დასახული ამოცანის შესრულება გაგიჭირდებათ.
მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ახალი ბიზნესის წამოწყებას ან წიგნის დაწერას გეგმავთ, მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ ხართ პასუხისმგებელი. ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა ალბათ გაცილებით იოლიც იქნება. მათრახით ხელში არავინ დაგადგებათ თავზე და არც თქვენი მიკროგეგმებისა და საკვანძო ეტაპების შესრულებას მოგთხოვთ.
პარტნიორთან ერთად მუშაობა მაშინ არის კარგი, თუ იგი ნამდვილად საიმედოა და საქმის ერთგულია. საუკეთესოა აგრეთვე, თუ გონივრული გეგმების (კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, აქტუალური და დროზე ორიენტირებული) შესრულებაზე შეთანხმდებით. თქვენი პარტნიორისგან ამ ყველაფერზე მიუკერძოებელ აზრსაც გაიგებთ. თუ ამგვარ პარტნიორს ვერ მონახავთ, საკუთარი გეგმები მეგობარს ან ოჯახის წევრებს გაუზიარეთ და მათ განხორციელებაში დახმარება სთხოვეთ.
5. დაძლიეთ თვითსაბოტაჟი
თვითსაბოტაჟი გავრცელებული მოვლენაა. ამ დროს ქვეცნობიერი, ფსიქიკის რომელიღაც ნაწილი თქვენ მიერ დაგეგმილი მიზნების მიღწევას სერიოზულად ეწინააღმდეგება. ამ შინაგანი კონფლიქტის წყარო უმეტესად შიშია, კომფორტის ზონიდან თქვენი გამოძევების შიში. თვითსაბოტაჟი თვითგამანადგურებელი მარყუჟია, რომელიც მიზნებს ამსხვრევს და ოცნებებს კლავს. თუ ოდესმე მიზნები ან ამოცანები დაგისახავთ, რომელთა შესრულებაც ვერ შეძელით, სავარაუდო მიზეზი თვითსაბოტაჟის რეჟიმში გადასვლა იქნებოდა.
ასეთ დროს კეთილგონიერებას უნდა უხმოთ და ნათლად დაინახოთ, მიზნის მიღწევას თავად როგორ უშლით ხელს. ყველანაირად უნდა შეეცადოთ თვითსაბოტაჟის მავნე ზეგავლენის გაცნობიერებასა და გამკლავებას.
გაიხსენეთ, რა გაძლევთ ცხოვრებაში სტიმულს, რა გიბიძგებთ მოქმედებისკენ? როგორ აძლევთ შიშებს საკუთარი თავის ისე დათრგუნვის საშუალებას, რომ ნაბიჯის გადადგმის უნარსაც კი კარგავთ. აუცილებლად მოძებნეთ, რა გიშლით ხელს, როდესაც ამოცანებიც დასახულია და ყოველდღიური გეგმაც იდეალურად არის გაწერილი. რომელი შინაგანი ძალა ებრძვის თქვენ მიერ დასახულ მასშტაბურ მიზანს? რატომ უშლით საკუთარ თავს ხელს?
6. იცოდეთ პასუხი კითხვაზე − "რატომ?"
როდესაც საკუთარ თავზე ასეთ დიდ პასუხისმგებლობას იღებთ, სრულიად ნათლად უნდა გქონდეთ გაცნობიერებული, თუ რატომ არის ეს მიზანი ასეთი მნიშვნელოვანი.
როგორ გააუმჯობესებს თქვენი და სხვების ცხოვრებას მისი შესრულება?
რა არის ფასეული თქვენს მიზნებში?
თუ თქვენს მოტივებს კარგად გაიაზრებთ, პასუხისმგებლობის გრძნობა გაგიძლიერდებათ. ეს კი, დადებით განწყობას შეგიქმნით და კიდევ უკეთ დაგანახებთ, თუ რატომ არის ამ მიზნის მიღწევა თქვენთვის მნიშვნელოვანი.
როდესაც მიზნების განხორციელებას იწყებთ, არასოდეს დაივიწყოთ რატომ აკეთებთ ამ საქმეს. შეეცადეთ მეტი ისწავლოთ, თქვენს მიზნებზე მეტი გაიგოთ, ინფორმაცია მოიძიოთ და ცოდნა შეიძინოთ. ეს ყველაზე უკეთ დაგეხმარებათ დაადგინოთ, თუ რატომ მოჰკიდეთ ხელი ამ საქმეს და თავდაჯერებასაც შეგმატებთ.
მიზნების დასახვისას ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მათი შესრულება გონივრული ნაბიჯებით უნდა სცადოთ. თქვენი ოცნებების ასრულებაზე პასუხისმგებლობის აღებისას, ღრმად უნდა გააცნობიეროთ მიზეზები, რის გამოც ღირს მათი განხორციელება და ისიც, თუ რატომ უნდა ეცადოთ მათ მიღწევას.
7. აღნიშნეთ ყოველი პატარა წარმატება
ყოველი წარმატება აღნიშნეთ, იზეიმეთ − არ აქვს მნიშვნელობა, დიდი იქნება ის თუ პატარა. ამგვარად საკუთარ პასუხისმგებლობას უკეთ იგრძნობთ, ყოველი გამარჯვება თავდაჯერებას შეგმატებთ და დაგარწმუნებთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ.
წარმატების აღნიშვნა შესაძლოა დიდი წვეულების გადახდა კი არა, რაიმე სიმბოლური ჟესტი იყოს. ყოველდღიური წარმატებების აღნიშვნა ისე უნდა სცადოთ, რომ არასოდეს დაგავიწყდეთ.
თქვენი ყოველდღიური ან ყოველკვირეული წარმატებები ჩამოწერეთ. ფურცელი ისეთ ადგილას დადეთ, რომ მისი დანახვა ყოველთვის შეძლოთ. შეგიძლიათ კიდევ სხვა პუნქტებიც დაამატოთ. თქვენი მიზნებისა და მიკრომიზნების სია აწარმოეთ და როგორც კი რომელიღაც მათგანს მიაღწევთ, მონიშნეთ. დრო გამონახეთ და ეს სია სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნეთ (თუ მისი ვინმესთვის გაზიარება გსურთ). საკუთარი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ეს ქმედება თქვენი მხარდაჭერისა და გამხნევების შესაძლებლობას მისცემს.
8. გადახედეთ თქვენს საქმეებს
კმაყოფილი ხართ თქვენი სამუშაოს შესრულების ხარისხით?
პროგრესის შემჩნევა ხომ სასიამოვნოა?
უკანასკნელი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი რჩევაა სათანადო დრო მოახმაროთ იმ გეგმების რეგულარულ ანალიზს, რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ. ეს თქვენი პროგრესის შემოწმების საუკეთესო გზაა. იმის დანახვას, თუ როგორ მიიწევთ წინ, თქვენი მოტივაციის ერთი საფეხურით გაზრდა ან გზაზე დაბრუნება შეუძლია, თუ მისგან გადახვევას დაიწყებთ.
თქვენს გრაფიკს გადახედეთ, შეამოწმეთ ასრულებთ თუ არა მაკრო და მიკრომიზნებს. პასუხისმგებლობის გრძნობა თქვენი ამოცანების შესრულებაში უნდა დაგეხმაროთ.
კარგად გაარკვიეთ, უკეთ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. იმასაც მიაქციეთ ყურადღება, კვლავ უწინდებური შემართებით მუშაობთ თუ არა. გააანალიზეთ, რა იქნებოდა თქვენთვის სტიმული. თქვენი მიზნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ბევრად გაგიადვილდებათ, თუ უკეთ იგრძნობთ თავს და მიღწევები გაგახარებთ.