Get All Access for $5/mo

ბიზნესი VS კორონავირუსი - ნანა ტაბიძე, ლევან მაშავა (კეფალის ფესტივალი)

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

Event tourism − ივენთტურიზმი − ტურიზმის მიმართულება, რომელიც ამ ეტაპისთვის საქართველოში ნაკლებად განვითარებულია, წელს ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო მთელ მსოფლიოში გაჩერდა, თუმცა მაინც აგრძელებს განვითარებას.

საქართველოს მაგალითზე, კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლა და სტატისტიკური მონაცემები არის შედეგი იმისა, რომ მთავრობა უსმენს და ითვალისწინებს პროფესიონალთა აზრს. თუმცა, ვირუსთან ამ ბრძოლის წარმატება დადებითად არ აისახა დაგეგმილ ღონისძიებებსა და ფესტივალებზე.

ბევრი მუსიკალური ფესტივალი ელოდებოდა ზაფხულს, ელოდებოდნენ შეზღუდვების მოხსნას თავყრილობისა და შეკრების შესახებ რეგულაციებზე, მაგრამ ორგანიზატორებმა მაინც გადადეს ფესტივალები 2021 წლისთვის.

მცირე ფესტივალები, რომელიც დაგეგმილი იყო ქალაქისა თუ რეგიონის ბიუჯეტით, ხელმძღვანელობამ გააუქმა იმდენად, რამდენადაც სახსრები გადანაწილდა კორონავირუსით გამოწვეულ საჭიროებებზე.

მხოლოდ ჩვენი, ჯერ კიდევ ახალბედა, არც ისე დიდი ფესტივალი, სახელწოდებით "კეფალის ფესტივალი" (Kefal Fest) იღებს გადაწყვეტილებას, მაინც აღნიშნოს ერთგული გულშემატკივრებისთვის საკუთარი დაბადების მესამე წელი და იზეიმოს ის ახალ გარემოებაში, ასევე შესაბამის ტექნოლოგიურ ფორმატში, ანუ ONLINE.

კეფალის ფესტივალი დაფუძნებულია ფოთში კერძო სექტორის მიერ და პასუხობს ორ მთავარ ამოცანას ისეთ არატურისტულ ქალაქში, როგორიც არის ფოთი:

  • ამოცანა გახლავთ საოჯახო დასვენების კულტურის ამაღლება პროვინციაში (დაე, გვაპატიონ ფოთელებმა);
  • ამოცანა გახლავთ ტურისტების მოზიდვა ქალაქში საექსკურსიო ტურებისთვის, შესაძლებელი დასვენებისთვის და საქვეყნოდ ცნობილი ფოთის კეფალის დეგუსტაციისთვის.

კეფალის ფესტივალი ტარდება მოსახლეობის აქტიური ნაწილის თანადგომითა და მოხალისეთა ჩართულობით,

მალთაყვის სანაპიროსთან ახლოს მდებარე ოქროს ტბის ტერიტორიაზე.

გვახსოვს, რომ ონლაინფორმატის გამოყენება, იზოლაციის პირობებში 2020 წლის მარტიდან დაიწყო − სკოლები, უნივერსიტეტები, ტრენინგები, შეხვედრები და ა.შ. მისი გამოყენება საფესტივალო ფორმატისთვის კი გაურკვეველი და რისკის შემცველი იყო. მთავარი შეკითხვა, არცთუ ირონიის გარეშე პოტენციური "ვიზიტორებისგან" იყო შემდეგი: "როგორ გავსინჯოთ კეფალი ონლაინ?"

ამის მიუხედავად, ფესტივალის ორგანიზატორებმა, მტკიცედ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა შემდეგი ღონისძიებები: შევაგროვეთ ზღვა ინფორმაცია ფოთისა და მისი შემოგარენის შესახებ (ვიდეოსიუჟეტები, სატელევიზიო გადაცემები, ვმონაწილეობდით სატელევიზიო კლიპებში ფოთის შესახებ, შეძლებისდაგვარად ჩავწერეთ ცნობილი ადამიანები, მერიის წარმომადგენლები და სხვ.).

არ გადავდეთ ფესტივალის დღე − 15 აგვისტო, რომელიც დაანონსებული იყო 1 წლით ადრე.

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ფესტივალის ტრანსლირება ონლაინ მომხდარიყო მხოლოდ ერთი სოციალური ქსელით − ფეისბუქით (კეფალის ფესტივალის ფეისბუქგვერდი: კეფალის ფესტივალი/kefal fest/ фестиваль кефали) და სამ ენაზე (ქართული, რუსული, ინგლისური), იმის გათვალისწინებით, თუ რომელი აუდიტორიისთვის იყო მიმართული ესა თუ ის სიუჟეტი ან თემა. "სტუმარს" კი ისღა დარჩენოდა, რომ თუნდაც შინ ყოფნისას, შესულიყო ჩვენს ფბ-გვერდზე და ვირტუალურად მიეღო მონაწილეობა ფესტივალში.

ასევე, არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული "საფესტივალო ატმოსფეროს" შესაქმნელად, ეთერში ჩვენ შევქმენით იმიტაცია იმ აქტივობებისა, რომლებიც ვიზიტორებს დახვდებოდათ ფესტივალზე რეალურ დროსა და სივრცეში. ესენია: თევზაობა, ქალთა კლუბის მარათონი, მხიარული სტარტები, კეფალის დეგუსტაცია და ისტორიული "დიუმას სუპი"; მუსიკალური ნომერი, კედლისა და თაბაშირის თევზების მოხატვა მხატვრული პანოსთვის.

ტრანსლირების დროს ასევე იმართებოდა ვიქტორინები საინტერესო საჩუქრებით და იშვიათი ნივთების აუქციონი. რეალურად, მონაწილეებისა და დამხმარე მოხალისეების რაოდენობა, რომლებიც ოქროს ტბაზე ქმნიდნენ საფესტივალო ატმოსფეროს, არ აღემატებოდა 30 ადამიანს. ფესტივალი გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით, DMO-ს კორესპონდენტებისა და რადიო "ათინათის" მიერ.

დღის დასასრულ, ჩვენ სიმბოლურად გავუშვით ზღვაში გასაბერი ნავი შუქურით, რომელიც ძალიან ჰგავდა ფოთის შუქურას, რომელმაც უნდა "გაგვინათოს" გზა, რეალურ დროსა და სივრცეში, კეფალის ფესტივალისთვის 2021 წელს და რომელიც უნდა გახდეს საუკეთესო საოჯახო დასვენების ფესტივალი შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში.

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მომავალი "კეფალ ფესტი 2021" გამოიყენებს როგორც offline, ასევე უკვე აპრობირებულ online-ფორმატს, ვინაიდან საორგანიზაციო გუნდმა მიიღო დიდი გამოცდილება და შექმნა პრეცედენტი − ჩატარდა პირველი ონლაინფესტივალი საქართველოში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია