Get All Access for $5/mo

HR-ი და ბრენდი, როგორც ერთი მთლიანობა რა სახის პრობლემების წინაშე დგანან ბრენდებისა და HR-ის ლიდერები?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

გლობალურ ბაზარზე საზოგადოებაში ბრენდის იდენტობის შექმნა და რეპუტაციის შენარჩუნება, კომპანიების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. არ კმარა, ერთხელ მოიპოვო სახელი − საჭიროა მუდამ მზად იყო და ფეხი აუწყო მიმდინარე გამოწვევებს. პროცესებს, რომელშიც იხარშება მსოფლიო და რომლის ნაწილიც თავად ხარ. დღესდღეობით, ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ HR-ისა და მარკეტინგის სფეროებში ბრენდინგის რევოლუციის ეპოქაში. ამ სფეროების ბრენდთან ადაპტირების გზაზე ვაწყდებით პრობლემებს, რომელთა დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა შესაძლოა პანაცეად იქცეს ბიზნესებისათვის.

"ჟამიანობის" დროს, ახალ გამოწვევებთან ადაპტაცია გარდაუვალ ყოველდღიურობად გვექცა ყველას, თუმცა როდესაც საქმე კომპანიებს ეხება, უკანასკნელმა ერთმა წელმა ყველას დაანახვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია HR-ი და ბრენდინგის გუნდების ეფექტური მუშაობა და კოოპერაცია.

ახლა კი ვეცადოთ, HR-ი და ბრენდი განვიხილოთ ერთ მთლიან, განუყოფელ მოცემულობად და გავიგოთ, რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი ბიზნესებისა და ანტრეპრენერებისთვის.

რა სახის პრობლემების წინაშე დგანან ბრენდებისა და HR-ის ლიდერები?

პანდემიის პირობებში, აუდიტორია ბრენდებისგან ელის თანადგომასა და ურთიერთობის დამყარების ახალ გზებს. ადამიანები − მომხმარებლები და თანამშრომლები უნდა გრძნობდნენ, რომ მათი ესმით და მათ ხედავენ. ადაპტირების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორც ბრენდის, ისე მომხმარებლის გადმოსახედიდან, არის BBC, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნა ახალი პროდუქტები, სერვისები და საკომუნიკაციო არხები. მათ მოახერხეს და სატელევიზიო გაკვეთილების სახით, ერთი მხრივ, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მისცეს შესაძლებლობა შინიდან გაუსვლელად განათლების პროცესში ჩართულობის, ხოლო მეორე მხრივ, შექმნეს კონტენტი, რომელიც ხელმისაწვდომია მათთვისაც, ვისაც არ აქვს წვდომა კომპიუტერსა და სმარტფონებზე. ეს ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ როგორ ახერხებენ ბრენდის ლიდერები ახალი ღირებულებების შექმნას რთული გლობალური გამოწვევების ფონზე. მსგავსი პროდუქტები არა მარტო ბრენდისა და მისი რეპუტაციისთვისაა სასარგებლო, არამედ თანამშრომლებისთვისაც, რომლებიც გრძნობენ საკუთარ მნიშვნელოვან როლს საზოგადოებისათვის.

რისთვისაა მნიშვნელოვანი HR-ისა და ბრენდის მჭიდრო თანამშრომლობა?

ბრენდისა და HR-ის დაკავშირება ჯადოსნური პროცესია. კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ბრენდს ადამიანებზე გავლენის მოხდენა, Brewdog-ია. მათი მისიაა, ისეთივე ვნებით განაწყონ ადამიანები Craft-ლუდის მიმართ, როგორც თვითონ არიან. მათ HR-ინიციატივებზე დაკვირვებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს კომპანია ცდილობს იდეა რეალობად აქციოს და ამას, უპირველესად, საკუთარი თანამშრომლებით იწყებს. ისინი ყოველ ახალ თანამშრომელს "სერტიფიცირებულ ლუდის მოამაგედ" აქცევენ, თავიანთი "ლუდის სკოლითა" და ლუდის ყოველთვიური სასაჩუქრე ვაუჩერებით, რითაც თანამშრომელს ეხმარებიან, კარგად გაერკვნენ პროდუქტისა და ბრენდის არსში.

მათ ასევე აქვთ საკმაოდ მკაცრი წესებისა და მოთხოვნების ნაკრები, "ლუდის ქარტიის" სახელით, რომელიც კორპორაციულ კულტურას, ახალი თანამშრომლების აყვანის კრიტერიუმებსა და საბონუსე პოლიტიკას აყალიბებს. ამ კომპანიის საკომუნიკაციო ენა, როგორც თანამშრომლებთან, ისე მომხმარებელთან სრულ ჰარმონიაშია და საბოლოო ჯამში, ძალიან ეხმარება ბრენდს მყარი იდენტობის შექმნაში, როგორ შიდა, ისე გარე ასპარეზზე.

გაამძაფრა თუ არა Covid-მა ბრენდისა და HR-ის ახლო თანამშრომლობის მოთხოვნა?

ადამიანებს ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორ იქცეოდა ესა თუ ის ბრენდი პანდემიისას; როგორ ურთიერთობდა იგი მომხმარებელთან და თანამშრომელთან; როგორ შექმნა ახალი შესაძლებლობები და ღირებულებები, და როგორ გაუმკლავდა გამოწვევას. ინტერნეტმა და სამყაროს დაჩქარებული გაციფრულების პროცესმა შექმნა რეალობა, სადაც ყველა მსხვილი ბრენდი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ბიზნესის აქტივობაზე და მის შიდა თუ გარე პოლიტიკაზე დაყრდნობით, მომხმარებელს უყალიბდება საკუთარი დამოკიდებულება ბრენდის მიმართ.

ბრენდისა და HR-ის მჭიდრო თანამშრომლობა ქმნის უპირატესობებს ბაზარზე. LVMH, H&M და Tesla პანდემიის განმავლობაში აწარმოებდნენ პროდუქტს, რომელიც არ იყო დაკავშირებული მათ ძირითად საქმიანობასთან − იქნებოდა ეს სადეზინფექციო სითხეები თუ სხვა სამედიცინო დანიშნულების ნივთები. რას გვეუბნება ეს კომპანიაზე? − იმას, რომ ისინი მარტივად ადაპტირდნენ რეალობასთან, არიან კრეატიულნი და საკუთარ რესურსებს იყენებენ კაცობრიობისთვის აქტუალურ პრობლემასთან ბრძოლაში.

Credit Suisse − კიდევ ერთი ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გრძნობდეს კომპანია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, როგორ უნდა ზრუნავდეს თანამშრომელზე და რა ფასეულობებს უნდა ატარებდეს. მათ თავიანთ თანამშრომლებს, რომელთა შვილებიც დისტანციურ სწავლაზე გადავიდნენ, უვადო შვებულება მისცეს, რათა მათ საოჯახო საქმეებში მეტი ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონოდათ. ეს გვიქმნის სურათს, სადაც მკაფიოდ ჩანს, თუ რამხელა ზეგავლენას ახდენს ერთმანეთზე HR-ი და ბრენდი.

როგორ ეხმარება HR-ი ბრენდს, და პირიქით?

კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტი, სხვადასხვა სამუშაო სპეციფიკითა და გუნდის წევრების განსხვავებული უნარებით ხასიათდება. სწორედ ამიტომ, დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. HR-ი, როგორ წესი, ოპერირებს რუტინულად და ალგორითმულად, მაშინ, როცა ბრენდის გუნდი უფრო შემოქმედებითი ხედვების მატარებელია.

ის, რაც უნდა აერთიანებდეს ამ ორ გუნდს, არის საერთო მიზანი. მიზნის დასახვა წარმოუდგენელია ადამიანთა სრული ჩართულობისა და ფართო ინტერაქციის გარეშე. ყველამ უნდა დადოს თავისი აგური საერთო საქმეში და ხედვის ფორმირებაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე ადამიანის მიერ შედგენილი სამიზნე ორიენტირები, შესაძლოა ასცდეს იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ჩვენი გუნდი იძლევა. ზოგმა იცის, რა გვჭირდება, ზოგმა − რა ნაბიჯებია გადასადგმელი, ზოგმა კი − როგორ აისახება ეს ჩვენი ბრენდის იდენტობაზე. ასე რომ, ყველა ადამიანის აზრი და ჩართულობა პროცესებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მთავარი რჩევა HR-ისა და ბრენდის დაახლოების გზაზე

გავუზიაროთ ერთმანეთს იდეები, უნარები და შესაძლებლობები. განვეწყოთ ნდობით ერთმანეთის მიმართ და არ შევუშინდეთ ერთმანეთის აზრების კოპირებას. მაგალითისთვის ავიღოთ Ovo Energy, რომელთა მიზანია კაცობრიობის პროგრესის ეკოლოგიურად სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა. თავიდან ისინი სიმბოლურად რგავდნენ თითო ხეს, თითო ახალი მომხმარებლის მოზიდვისას. შემდეგ ეს იდეა HR-გუნდმაც გადაიღო და ახალი თანამშრომლის აყვანის დროსაც დაიწყეს ხეების დარგვა, ისევე, როგორც კომპანიის იუბილეს აღსანიშნავად. Ovo-მ ხეების დარგვა და პლანეტის ეკოლოგიაზე ზრუნვაში საკუთარი წვლილის შეტანა კორპორაციული კულტურის ნაწილად აქცია. ეს მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ მომხმარებელი და თანამშრომელი საერთო ღირებულების გარშემო უნდა ბრუნავდნენ და მათი ძალისხმევა ერთი ცენტრისკენ უნდა იყოს მიმართული. ბიზნესის მომავალი კი დგას კომპანიებზე, რომლებიც თავიანი ღირებულებების გავრცელებას მოახერხებენ როგორც HR-ში, ისე ბრენდის იდენტობაში.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია