Get All Access for $5/mo

როგორ სთავაზობენ კომპანიები ბონუსებს თავიანთ დისტანციურ თანამშრომლებს რას აკეთებენ კომპანიები, რომ თანამშრომლებს დაანახონ, თუ რატომ ღირს მათთან მუშაობა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Telstra Exchange

კორპორაციული სამყარო ოფისში მუშაობიდან სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადავიდა და სამწუხაროდ, ამ პროექტს ინსტრუქციები არ მოჰყოლია თან. სახლიდან მუშაობა საშუალო თანამშრომლის დაახლოებით იგივე დროს მოითხოვს, მაგრამ Zoom-მა სრულიად მოულოდნელად შეცვალა თანამშრომლებისა და დამსაქმებლის ურთიერთობის ფორმა.

"კორპორაციული პროფესიონალიზმის" კონცეფცია, რომელიც ადრე წმინდათა წმინდად მიგვაჩნდა, მთლიანად განადგურებულია. შეზღუდვები სამუშაო ტანსაცმლის მიმართ, რაც არასოდეს ყოფილა პოპულარული, უკვე ქრება (თავშესაქცევი ფაქტია, რომ ტერმინი "საქმიანი ჩაცმულობის სტილი" Dockers-მა 1992 წელს გამოიგონა). გარდა ამისა, პარტნიორებთან ურთიერთობა ჩვენ ყველას სხვადასხვა ადგილებიდან განმარტოვებულებს გვიწევს, საძინებელი ოთახი იქნება ეს, სამზარეულოს მაგიდა თუ სასადილო ოთახი. ისიც უნდა ითქვას, რომ ამით ერთმანეთთან ემოციურ სიახლოვეს ვკარგავთ, რომელიც ყოველდღიურად შესვენებებზე ყავის დალევას, სასადილო ოთახში საუბრებს, დაბადების დღეებს და კომპანიის კულტურის სხვა ელემენტებს ახლავს თან.

სახლიდან მუშაობის პროგრამები, რაც პანდემიამ მოიტანა, გაგრძელდა და სავარაუდოდ, ისინი კიდევ უფრო მეტი ხნით გაგრძელდება. როდესაც პანდემია გადაივლის, ბევრი კომპანია, სავარაუდოდ, სახლიდან მუშაობის პროგრამებს გააგრძელებს ან ჰიბრიდულ პოლიტიკას შემოიღებს. ამ ცვლილებაში იმდენი დრო და ფულია ჩადებული, რომ მობილიზებული სამუშაო ძალის შეცვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

სამუშაო ადგილას ბონუსების შემოღების პოლიტიკას უნდა შეუწყოთ ხელი, ეს უზომოდ მნიშვნელოვანია, თან, არამხოლოდ მატერიალური ბონუსებისა, რომლებიც როგორც თანამშრომლებს დაპირდით, სამუშაოს ნაწილი იქნებოდა, არამედ ყოველდღიური მცირე ბონუსებისაც, რომლებსაც შესაძლოა ისინი COVID-19-ის გამოჩენამდე ჩვეულებრივ იღებდნენ.

საშინაო ბონუსების უპირატესობები

თანამშრომლებისთვის განკუთვნილი აქტიური და პასიური ბონუსები, ახალი თანამშრომლების მოზიდვასა ან ახლანდელი თანამშრომლებისთვის კომფორტის შექმნაზე გაცილებით მეტს აკეთებს. ეს ბონუსები ჯანსაღი კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია და უშუალო გავლენას ახდენს კომპანიის შრომის ნაყოფიერებაზე.

მოულოდნელი ვაკუუმი სამუშაო ადგილას, ეს ოფიციალურ ატმოსფეროსთან იქნება დაკავშირებული, მეგობრულთან თუ ჩართულობასთან სახიფათო იქნება, რადგან თანამშრომელთა მორალურ დაცემასა და შრომის ნაყოფიერების დაკარგვას გამოიწვევს. Gallup- ის ერთ-ერთმა გამოკითხვამ უჩვენა, რომ სამსახურში ჩართულობასა და თანამშრომელთა ტკივილს, დეპრესიას, სტრესს, არტერიულ წნევას, წონასა და ქოლესტერინს შორის უშუალო კავშირი არსებობს.

რეგულარული ბონუსების არარსებობამ შესაძლოა მთლიანად შეცვალოს განწყობა სამუშაო ადგილას.

კუთვნილების გრძნობა: კუთვნილების მოთხოვნილება ნებისმიერი ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. ამასთან, საკუთარი თავის გარიყულად წარმოდგენა იზოლირებულ გარემოში მუშაობისას ადვილია. კვლევებმა უჩვენა კიდეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს კუთვნილების გრძნობასა და შრომის ნაყოფიერებას შორის:

• ჩართულობასა და კუთვნილებას 56 პროცენტით შეუძლია შრომის ნაყოფიერების გაზრდა.

• კომპანიებში, რომლებიც აქტიურად უქმნიან თანამშრომლებს კეთილგანწყობილ გარემოს, კადრების დენადობის მაჩვენებელი 50 პროცენტით ნაკლებია.

• კუთვნილებამ შეიძლება ავადმყოფობის დღეების 75 პროცენტიანი შემცირებაც კი გამოიწვიოს.

• თანამშრომლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კომპანიის სრულფასოვანი წევრები არიან, 167 პროცენტით უფრო ხშირად უწევენ რეკომენდაციას საკუთარ კომპანიას სხვებთან.

• ტალანტების ინოვაციების ცენტრმა დაადგინა, რომ თანამშრომლებს შორის, რომლებსაც კომპანიისადმი კუთვნილების გრძნობა აქვთ, სამჯერ მეტია პროდუქტიულთა, მოტივირებულთა და ჩართულთა რაოდენობა.

მარტოობასთან ბრძოლა: კუთვნილების საპირისპირო მხარე - მარტოობაა, რომელსაც სწრაფად შეუძლია კორპორაციული პროდუქტიულობის განადგურება. სახლიდან მუშაობამ შესაძლოა მარტოობის დიდი გრძნობა გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელს სტაბილური სოციალური წრე არ აქვს სამსახურს გარეთ.

ეს გრძნობები სწრაფად გადაიქცევიან თოვლის გუნდად, და დიდი ალბათობით, სხვადასხვა პრობლემებს გამოიწვევენ:

• Go Remotely-მ დაადგინა, რომ სახლიდან მომუშავე თანამშრომელთა 19 პროცენტი სახლიდან მუშაობის ყველაზე დიდ პრობლემად მარტოობას მიიჩნევს.

• Harvard Business Review-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ თანამშრომლები, რომლებიც გარიყულად გრძნობდნენ თავს, მხოლოდ გუნდის დინამიკას კი არა, საკუთარ თავსაც კი უწყობდნენ საბოტაჟს.

• მარტოობა აიძულებს თანამშრომლებს ნაკლები ერთგულება გამოიჩინონ თავიანთი სამსახურის მიმართ.

• მარტოობის გამო უჩნდებათ თანამშრომლებს შეგრძნება, რომ კოლეგებისთვის ნაკლებად მისაწვდომები არიან.

კომპანიის კულტურის გაფართოება: HR დეპარტამენტის ნებისმიერი თანამშრომელი გეტყვით, რომ კორპორაციული კულტურა გადამწყვეტი ელემენტია კომპანიის ცხოვრებაში. მკაცრი და აგრესიული კორპორაციული კულტურა როგორც წესი, ფეხს ვერ იკიდებს, ხოლო მხარდამჭერი და ღია კულტურები თანამშრომელთა ზრდას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას უწყობის ხელს. მისი დახმარებით დაადგენთ, როგორი ქცევაა წასახალისებელი და როგორი არა. კორპორაციული კულტურის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველდღიური ურთიერთობები თანამშრომელთა შორის, ისევე როგორც, ბონუსები და სხვა ინიციატივები.

ბევრი სხვადასხვა სახის შედეგები:

• ერთ-ერთმა კვლევამ უჩვენა, რომ თანამშრომლები, რომლებსაც ახსოვთ, თუ როგორ ყველანაირად ცდილობდა დამსაქმებელი მათ მიმართ კეთილგანწყობის გამოჩენას, თავიანთი ტვინის დადებით განწყობასა და ჩართულობასთან დაკავშირებულ უბანს ააქტიურებენ.

• როდესაც სამუშაო ადგილას ლიდერები უბრალოდ სამართლიანები კი არა, თავდადებულებიც არიან, თანამშრომლები გაცილებით მეტად ცდილობენ თვითონაც თავდადებულები გახდნენ და მსხვერპლზე წასასვლელადაც კი არიან მზად.

• როდესაც თანამშრომლები სამსახურში კომფორტულად გრძნობენ თავს და მათ ხელსაც უწყობენ, რომ თავიანთი აზრი გამოთქვან და დახმარება ითხოვონ, ისინი გაცილებით სწრაფად სწავლობენ და სიახლეებისთვისაც არიან მზად.

ანტრეპრენერთათვის დღეს უპირველესი პრობლემაა პროფესიონალების მოძიება, შემოწმება, დაქირავება და შენარჩუნება.

ბონუსები თანამშრომელთათვის, რომლებიც სახლიდან მუშაობენ

ყველა კომპანიას აქვს დაწესებული ბონუსები თანამშრომელთათვის, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, ეს უკვე სტანდარტული და შეიძლება ითქვას, მოსალოდნელი მიდგომაც კი გახდა. ამ ბონუსებს შორისაა:

• მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რომელიც თანამშრომლებს დროს აძლევს საჭიროების შემთხვევაში. ბევრი კომპანია მივიდა დასკვნამდე, რომ ამგვარ შეთანხმებას სარგებლობის მოტანა შეუძლია როგორც დამსაქმებელის, ისე დასაქმებულისთვის. თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ პირადი პრობლემები სწრაფად მოაგვარონ საგანგებო მდგომარეობის დროს, ხოლო დამსაქმებლებმა კი, ყველაზე კარგები და ნიჭიერები დაიტოვონ კომპანიაში.

• ინდივიდუალურ გრაფიკზე და დავალებების შესრულების გაცილებით ხანგრძლივ ვადებზე შეთანხმება. თანამშრომლებისთვის გრაფიკის გაკონტროლების შესაძლებლობის მიცემით, მათ თავისუფლებას აძლევს პანდემიით გამოწვეული ნებისმიერი კრიზისები მართონ, და პირად და პროფესიულ ცხოვრებაზე აიღონ პასუხისმგებლობა. კვლევებმა უჩვენა, რომ ასეთ თანამშრომლებს ჯანსაღი ბალანსი აქვთ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის.

• ბევრი კომპანია, მათ შორის Google, Twitter და Shopify, თანამშრომლებს სტიპენდიას სთავაზობს საჭირო სამუშაო ინსტრუმენტების თანხის გადასახდელად, როგორიცაა WiFi (ან რომ რეგულარულად იმუშაონ კაფიდან ). ამასთან ერთად, ისინი თანამშრომლებს აქტიური მოხმარების გამო მწყობრიდან გამოსული კომპიუტერული ტექნიკის შეკეთების საშუალებასაც კი აძლევენ.

• სახლიდან მუშაობა, ადრე გამორჩეული თანამშრომლებისთვის დაწესებულ პრივილეგიად ან სტიმულად ითვლებოდა, მაგრამ ახლა ბევრ ორგანიზაციაში უკვე ჩვეულებრივ რეჟიმად იქცა. როგორც ადრე აღვნიშნეთ, ეს ვითარება, უახლოეს მომავალში სავარაუდოდ არ შეიცვლება.

ახალი შემოქმედებითი ბონუსები მობილიზებული სამუშაო ძალისთვის

ზოგიერთი კომპანიები ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი ბონუსების გარდა, რას არ აკეთებენ, რომ თავიანთ თანამშრომლებს დაანახონ, თუ რატომ ღირს მათთან მუშაობა.

Zappos: Zappos-მა ოფიციალურად გადაწყვიტა, რომ მისი თანამშრომლები სახლში, როგორც მინიმუმ წლის ბოლომდე მაინც დარჩებოდნენ. კომპანიამ 20-ზე მეტი ვირტუალური ღონისძიება ჩაატარა მარტიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, მას შემდეგ რაც სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ეს ვირტუალური ღონისძიებები ყველას ეხმარება, ერთად ყოფნის სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს, რაც თანამშრომლებს ოფისში მუშაობის შემთხვევაში ყოველდღიურად გაუჩნდებოდათ.

ვირტუალურ ღონისძიებებს შორისაა ასევე ყოველდღიური წვრილმანები, ვირტუალური ოფისის აღლუმები (თანამშრომლებისთვის სადღესასწაულო მასალების მიწოდების ჩათვლით), ყავის ვირტუალური საათი, სადაც მენეჯერები არ დაიშვებიან და 10 დღიანი საზაფხულო ბანაკიც კი თანამშრომელთა ოჯახებისთვის.

ისინი თანამშრომელთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ და მებაღეობის ხელსაწყოებსაც კი უფასოდ აწვდიან.

Ally Financial: საჯარო კომპანიის Ally Financial-ის აქციებიც სულ რამდენიმე კვირის წინ ერთი პროცენტით გაიზარდა, და მან გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლები დაცულები ყოფილიყვნენ. კომპანიამ თანამშრომლებს მისცა საშუალება ციფრული პლატფორმებით, ტელეფონითა და ტექსტური შეტყობინებებით უფასოდ დაკავშირებოდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალებს. მან საგანგებო ფინანსური პროგრამებიც კი დანერგა, რომელთა შორისაა:

• ნებისმიერ თანამშრომელს, რომელსაც $100000-ზე ნაკლები ანაზღაურება აქვს წელიწადში, გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად ყოველგვარი შეკითხვების დასმის გარეშე $1200 გადასცა, რომელიც არ იბეგრება.

• Ally Financial-მა COVID-19-თან დაკავშირებული ყველა დიაგნოსტიკური კვლევისა და სამედიცინო ვიზიტების დაფარვა გადაწყვიტა.

• COVID-19-ით დაავადებულ თანამშრომლებს ანაზღაურებადი შვებულება მისცა.

• ბავშვებიან თანამშრომლებს, რომლებსაც გაუჭირდათ საიმედო მომვლელის მოძებნა, 30 დღიანი გადაუდებელი შვებულება მისცა ბავშვის მოსავლელად.

სხვა მაგალითები: ბევრმა სხვა კომპანიამ თანამშრომელთათვის ბონუსების გაზრდისა და საქმიანობაში მათი მეტი ჩართვის შემოქმედებითი გზები იპოვა. მათ შორის:

• ერთმა კომპანიამ ვირტუალური შეკვეთები მიიღო სასმელზე ასევე ვირტუალური "ბედნიერი საათისთვის", შემდეგ თანამშრომელს სხვა ნუგბართან ერთად კალათში შეფუთული სახლში მიაწოდა.

• ზოგიერთმა კომპანიამ, როგორიცაა Indeed და Shopify, Wi-Fi სტიპენდიის გარდა, კიდევ მეტი გააკეთა თავისი თანამშრომლებისთვის ოფისის მოსაწყობად სახლებში. დიდი ხანია მიჩნეულია, რომ ერგონომიული ავეჯი მძლავრი იარაღია თანამშრომლების შრომის ნაყოფიერების ასამაღლებლად და ბედნიერების შეგრძნების გასაჩენად, ამიტომ, ნამდვილად აქვს მნიშვნელობა თანამშრომლების დახმარებას სახლში ერგონომიული საოფისე სივრცის შექმნაში. Shopify-მ თავის დისტანციურ თანამშრომლებს $1000 გამოუყო საოფისე სივრცეების შესაქმნელად, ხოლო Indeed-მა კომპენსაცია, $500 შესთავაზა მათ, რომლებმაც მაგიდები, სავარძლები, სკამები ან განათება შეიძინეს.

• კომპანიებმა, რომლებიც თანამშრომლებს ფიტნეს კურსებს სთავაზობდნენ, მაგალითად Pinterest, აღმოაჩინეს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბონუსი იყო. მას შემდეგ, რაც ვირუსი მთელ შეერთებულ შტატებს მოედო, Pinterest- მა გადაწყვიტა თავისი ფიტნეს პროგრამა არ შეეწყვიტა - იგი ვირტუალურ სამყაროში გადაიტანა.

• IBM-მა შესანიშნავი მაგალითი უჩვენა ყველას, 12-პუნქტიანი წესები დაბეჭდა, რომ თანამშრომლების მოთხოვნებისადმი სათანადო ყურადღება გაემახვილებინათ ამ რთულ დროს.

დამოუკიდებლად იმისა, მიბაძავთ თუ არა ამ მაგალითებს, ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენს გუნდს მოუსმინოთ და მათი უნიკალური პრობლემები შემოქმედებითი გზებით მოაგვაროთ. მხოლოდ ცოტაოდენი თანაგრძნობა და აღიარებაც საკმარისი იქნება, და თქვენს გუნდს რომ უჩვენოთ, რომ მხარს უჭერთ და სანაცვლოდ ისინიც დაგიჭერენ მხარს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე