სტარტაპების დამფუძნებლებმა საკუთარ თავს ფსიქიკური ჯანმრთელობის იგნორირების უფლება არ უნდა მისცენ შიშმა და ემოციურმა "გადაწვამ" შესაძლოა ბრწყინვალე ლიდერებსაც კი მოუწყონ საბოტაჟი, მაგრამ ისინი არ უნდა დანებდნენ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მართალია, სტარტაპის შექმნას და ზრდა-განვითარებას კმაყოფილების დიდი გრძნობა მოაქვს, მაგრამ ის ამავე დროს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. დამფუძნებელი ხშირად იძულებულია მთელი თვეების განმავლობაში დასვენების გარეშე იმუშაოს სტარტაპის გაფართოების სტადიაზე, ამ დროს დიდი ზემოქმედება აქვს სხვადასხვა მხრიდან, მან სტარტაპის მართვაც უნდა შეძლოს. ამავე დროს, ფინანსებიც მოიზიდოს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღოს სტრესულ ვითარებაში, და თან, ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა აკეთოს.
სამწუხაროდ, ანტრეპრენერულ წრეებში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები სტიგმატიზებულია. ზოგჯერ ისეთი საკითხები, როგორებიცაა დამფუძნებლის ემოციური "გადაწვა", და წონასწორობის მოძებნა პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის, კულისებს მიღმა განიხილება. სავარაუდოდ გეცოდინებათ, რომ დამფუძნებელმა, რომელსაც ემოციური "გადაწვის" სინდრომი აქვს, შესაძლოა სხვადასხვა სტადია გაიაროს. მთავარი იმის დადგენაა, როდის ხართ ემოციური "გადაწვის" ზღვარზე და დაუყოვნებლივ ზომების მიღება ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
თემატური კვლევა
როდესაც მაიკმა სტარტაპი დააარსა, იგი სწრაფად მზარდი იყო და პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდა მომხმარებელთან. როდესაც მე ქოუჩად დამიქირავა, კომპანია $7 მილიონად იყო შეფასებული და გაფართოების სტადიაზე იმყოფებოდა. მას უკვე ჰქონდა გავლილი თანხების მოზიდვის რამდენიმე რაუნდი, და მისი დირექტორთა საბჭო უმთავრესად იმ ადრეული რაუნდების ინვესტორებისგან შედგებოდა. მაიკს აქციების დაახლოებით 32 პროცენტი ჰქონდა, ხოლო დირექტორთა საბჭოს წევრებს - 57 პროცენტზე მეტი.
მე იქ ნაწილობრივ იმის გამო მიმიყვანა, რომ დადგენა სურდა, შემდეგ რა გაეკეთებინა. მაიკლი თანხების სწრაფი წვისა და სწრაფი ზრდის სტადიაზე იყო და ამ დროს, თავად ბაზრის წილის მიღებაზე უნდოდა გადასვლა. ეს საქმე მომგებიანი რომ გაეხადა, მთელი ყურადღება თანმიმდევრულ ზრდაზე უნდა გაემახვილებინა, რომელიც საინვესტიციო კაპიტალით კი არა, შემოსავლებით დაფინანსდებოდა. მისი დირექტორთა საბჭოს გადამწყვეტ უმრავლესობას კი სურდა, კომპანიას კვლავაც სწრაფ ზრდაზე გაემახვილებინა მთელი ყურადღება.
მართალია, თითოეულ პოზიციას თავისი უპირატესობები ჰქონდა, მაგრამ მაიკის მთავარი პრობლემა, შინაგანი შფოთვა იყო, შიშიც კი, რომელიც იზრდებოდა, როდესაც უფრო მეტ ინვესტორს სთხოვდა ფულს. როგორც ცნობილია, ანტრეპრენერებს დიდ რეკომენდაციებს უწევენ თანხების მოზიდვისა და უარის შიშის დაძლევის საკითხებში, მაგრამ ასეთივე რეკომენდაციები არ არსებობს კლინიკურ შიშსა და დეპრესიასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემების მოსაგვარებლად.
ნიშნები, რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება
მაიკმა ბოლოსდაბოლოს გაბედა თერაპიაზე სიარული და პრეპარატების მიღებაც დაიწყო. მართალია, მე მას დაბეჯითებით ვურჩევდი საბჭოსთვის გაემხილა თავისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ მან უარი განაცხადა, ფიქრობდა, რომ ისინი მხარს არ დაუჭერდნენ და შესაძლოა, საერთოდ სათუოდ მიეჩნიათ მისი კომპეტენცია კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციაზე. მაიკმა რამდენიმე შემთხვევაც კი დამისახელა, როდესაც სტარტაპების სხვა დამფუძნებლები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მალავდნენ იმ შიშით, რომ დირექტორთა საბჭოს მხრიდან ამას სერიოზული რეაქცია მოყვებოდა.
შფოთვის პრობლემა მე თვითონაც მაქვს, და ამიტომ, მას თანავუგრძნობდი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ საკმაოდ ღრმად ჰქონდა შეტოპილი. მისი შიშები უფრო მეტად პესიმიზმისკენ იხრებოდა, ეს იყო პოტენციური საფრთხეების გაზვიადებული განცდა, რაც დამახასიათებელია მათთვის, ვისაც შფოთვა ან დეპრესია აქვს.
პესიმიზმისკენ გადახრა ერთ-ერთი სახიფათო შეცდომაა, და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის მოწყობილი ჩვენი ტვინი. კოგნიტური ნეირომეცნიერების და ქცევის ეკონომიკის სფეროს მეცნიერები ამას კოგნიტურ შეცდომას უწოდებენ. საბედნიეროდ, ამ სფეროში ბოლო კვლევებმა უჩვენა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ პრაგმატული სტრატეგია ამ მენტალური დაბრკოლებების გადასალახად.
პესიმიზმს მისთვის კარგი სამსახური არ გაუწევია. დირექტორთა საბჭო კვლავ ახდენდა მასზე ზემოქმედებას. მან გადაწყვიტა დასახმარებლად პროფესიონალებისთვის მიემართა, ეს ნამდვილად ბრძნული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ შფოთვამ და სტრესმა თანხების მოზიდვის შესაძლებლობა არ მისცეს. ჩვენ იმ ეტაპზე ჯერ კიდევ არ გვქონდა ახლო ურთიერთობები, და მაიკისთვის ძნელი იყო უსიამოვნო ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში თავისი შინაგანი რეაქცია აგდებდა.
გარდამტეხი მომენტი: დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
სულ მალე, მაიკი უკვე ემოციური "გადაწვის" ზღვარზე იყო. იმ მომენტში, როდესაც მითხრა, რომ კომპანიიდან წასვლას ფიქრობდა, ბოლოს და ბოლოს დავარწმუნე, დირექტორთა საბჭოსთვის ეთქვა თავის მდგომარეობაზე. ვერც წარმოიდგენთ რა მოხდა − საბჭომ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა. საბჭოს რამდენიმე წევრმა კი, რომლებიც მასზე ზემოქმედებას ახდენდნენ, აღიარეს − ეს იმიტომ გააკეთეს, რომ თვითონ შფოთავდნენ. კერძოდ, გაცილებით მსხვილი კონკურენტების დიდი შიში ჰქონდათ, რომლებიც დაეწეოდნენ. ისინი ხედავდნენ, რომ ასეთი სცენარები საკმაოდ ხშირი იყო და ამიტომ მოითხოვდნენ დაჟინებით სწრაფ ზრდას, რომელსაც ინვესტორების კაპიტალი დააფინანსებდა.
საბჭოს ამ წევრებს თვითონაც პესიმისტური განწყობა ჰქონდათ, და ის მაიკზე გადაჰქონდათ. იგი კრიტიკულ წერტილამდე მიიყვანეს და შეთანხმდნენ, რომ უკან დაიხევდნენ, უარი თქვეს ფონდების მოძიებაზე და ნაცვლად ამისა, უფრო მეტად, თანმიმდევრულ ზრდაზე გაამახვილეს ყურადღება.
მიუხედავად ამისა, ამ ისტორიას არ ჰქონდა ბედნიერი დასასრული. მაიკი ემოციურად იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ამ მიზნების მიღწევა ვერ შეძლო. მან ინტერესი დაკარგა კომპანიის მიმართ და უკვე ვეღარ იტანდა დილაობით გაღვიძებას და სამსახურში წასვლას. მართალია ფიქრობდა, რომ გაგრძელებას შეძლებდა, ბევრს ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მან გადადგომაზე გააკეთა განაცხადი და თავისი აქციები შემცირებულ ფასად დანარჩენ ინვესტორებს შესთავაზა.
კომპანიამ აქტიურად დაიწყო მაიკის შემცვლელის ძებნა. აიყვანეს შემცვლელი და სამწუხაროდ, ის არც ისე კარგად მუშაობდა, არც ისეთი ნდობა ჰქონდა საბჭოს მხრიდან, როგორიც მაიკს და არც ბრენდინგი, რაც ასე მნიშვნელოვანია მომხმარებელთან უშუალო ურთიერთობისას. სტარტაპის ბევრი თანამშრომელი მაიკსა და მის იდეებს მეტად ენდობოდნენ, უმრავლესობა უკმაყოფილო იყო მაიკის გადადგომით, დირექტორთა საბჭოს სდებდა ბრალს. და ბევრი მათგანი ამ მოვლენებიდან მომდევნო რამდენიმე კვირისა და თვეების შემდეგ წავიდა სამსახურიდან, რამაც უფრო მეტად დააზარალა სტარტაპი.
ბოლოსდაბოლოს, კომპანიამ კრახი განიცადა, მაიკის ენთუზიაზმისა და ხელმძღვანელობის გარეშე, ეს სტარტაპი ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანიამ $2.5 მილიონად იყიდა, რომელსაც ამ სფეროში სურდა შესვლა. ეს თანხა კომპანიის ღირებულების მხოლოდ ნაწილი იყო.
ემოციური გადაწვა უკან მოხედვისას
დანაშაულის ნაწილი ჩემზეცაა. უკან ვიხედები და ვფიქრობ, რომ როგორც ქოუჩს, უკეთესი როლის შესრულება შემეძლო, მაიკის მხარდაჭერა შემეძლო, რათა მას თავისი ფსიქიკური პრობლემები დირექტორთა საბჭოს წინაშე განეხილა. დროული აღიარებით, მთელი ამ ფიასკოს თავიდან აცილება შეიძლებოდა. თანდათანობითი ზრდისკენ მიმართული ადრეული სტრატეგიული ცვლილება, მაიკს საშუალებას მისცემდა მომხმარებლის სურვილების დაკმაყოფილებასა და ბრენდის შექმნაზე ეზრუნა, ნაცვლად იმისა, რომ იძულებული ყოფილიყო თავის ყველაზე საძულველ ამოცანას − ინვესტორებისგან ფულის გამოძალვას გამკლავებოდა.
ამ ისტორიას გიზიარებთ და ჩემს დანაშაულს იმ იმედით ვაღიარებ, რომ სტარტაპების დამფუძნებლები ამას გულთან ახლოს მიიტანენ და მთავარ დაინტერესებულ მხარეებზე მოახდენენ გავლენას. მათ გაცილებით მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ და ყურადღებით მოეკიდონ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას. ეს ასევე გაფრთხილება უნდა იყოს სტარტაპების ხელმძღვანელთათვის, რომლებიც თავიანთი ფსიქიკურ ჯანმრთელობის პრობლემების გამხელას ერიდებიან მსხვილი ინვესტორებისა და დირექტორთა საბჭოს წევრებისთვის. ამასთან ერთად, მსხვილი ინვესტორებისა და დირექტორთა საბჭოს წევრების გასაფრთხილებლადაც, რათა დამფუძნებლებს უბიძგონ, საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარ პრიორიტეტად აქციონ.
ბრძოლა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ძლიერებისთვის
მომავალი მთლიანად შეცვლილი და კიდევ უფრო ბუნდოვანი ჩანს, რაც მხოლოდ მეტ სტრესსა და შფოთს იწვევს, ჩვენ ვერ მივცემთ თავს სტარტაპების ნიჭიერი დამფუძნებლების დაკარგვის უფლებას იმით, რომ არ მივაქციოთ ყურადღება რამდენად სახიფათო პრობლემებს ქმნის ფსიქიკური ჯანმრთელობა. დამფუძნებლებმა და თანამშრომლებმა ამგვარი პრობლემების არსებობისას გამჭვირვალობას უნდა შეუწყონ ხელი, და ამასთან ერთად, ამ რთულ დროს, ყოველ ნაბიჯზე სტიგმატიზაციასთან ბრძოლით, კოლეგების გამოვლენა და მათი მხარდაჭერა უნდა ისწავლონ.