21 რჩევა 2021 წელს წარმატების მისაღწევად! გილოცავთ ახალ, იმედისმომცემ 2021 წელს!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
1. დაიწყე ბიზნესი! ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ რაც უნდა "კარგი მთავრობა" გვყავდეს, მაინც ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს, ოჯახს, ქვეყანას? ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ ყველაზე მომხიბვლელი საარჩევნო დაპირება იდეალურადაც რომ შესრულდეს, მაინც ზღვაში წვეთი იქნება იმ პრობლემებთან შედარებით, რაც გვაქვს ყველა სფეროში და ეს ვერ მოიტანს რეალურ ცვლილებებს, თუ თავად არ ავიღეთ ხელში ინიციატივა? რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა გააკეთებს? რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ სხვა დაგვასაქმებს? თუ გვინდა, ჩაკეტილ წრეზე სიარულს თავი დავაღწიოთ და რეალურად შევცვალოთ ქვეყანა, უნდა შევეშვათ ოცნებას "კარგ მთავრობაზე" და ვიოცნებოთ საკუთარ საქმეზე, საკუთარ ბიზნესზე, რომელიც შვებას მოგვგვრის ჩვენც, ჩვენს ოჯახებსაც და ჩვენს ქვეყანასაც. მეტიც – საერთოდ უნდა შევეშვათ ოცნებას და ჩვენი ოცნებები ჩვენს მიზნებად ვაქციოთ! მიზნებად, რომელთა სრულყოფისთვის ყველაფერს გავაკეთებთ! ბევრს ვიშრომებთ, ბევრ შეცდომას დავუშვებთ, მაგრამ ვისწავლით და დასახულ მიზანს მაინც მივაღწევთ. 2021 წელი ახალი ბიზნესის დაწყების წლად გამოაცხადე!
2. მიზანი გაქვს? − დაწერე! გეგმა გაქვს? − დაწერე! იდეა გაქვს? − დაწერე! ციფრულ ეპოქაში, როდესაც დროის მენეჯმენტისა და ჩანაწერების შენახვის უამრავი ელექტრონული პლატფორმა არსებობს, ტრადიციული ბლოკნოტი ბევრისათვის შესაძლოა ძველმოდურად ჩანდეს, მაგრამ ჩემთვის კალმისტრისა და ფურცლის ენერგეტიკას ვერაფერი შეცვლის. სულ რომ არაფერი გქონდეს დასაწერი, საკმარისია შეეხო ფურცელს და უმალ შეიგრძნობ ქაღალდის ჯადოსნურ ენერგეტიკას, რომელიც ხელის მტევნიდან საჭირო სიგნალებს ტვინის უჯრედებს გადასცემს და აზრიც არ დააყოვნებს, პირველს მეორე მოყვება, მეორეს მესამე და შენი პატარა ბლოკნოტიც შენი დიდი ცხოვრების ერთგვარ გზამკვლევად, ფურცელზე გადატანილ მენტალურ რუკად გადაიქცევა. ამიტომაც გირჩევთ თქვენც – დაწერეთ ყველაფერი, რასაც გეგმავთ და ისიამოვნეთ შესრულებული პუნქტების გადახაზვით. ვისაც ეს სიამოვნება არ განგიცდიათ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვთ...
რეკომენდებული ბლოკნოტი: Entrepreneur-ის ბრენდირებული 2021 წლის ყოველდღიური. შეიძინეთ ონლაინ: shop.entrepreneur.ge
3. გაუფრთხილდი ადამიანს! კორონავირუსის საფრთხე თანაბრად შეეხო ყველას – მდიდარიც და ღარიბიც, ცნობილიც და უცნობიც, რიგითიც და აღმატებულიც, სარდალიც და ჯარისკაციც, ძლიერიც და სუსტიც, ფულიანიც და უფულოც, თანაბრად უძლური აღმოჩნდა ვერაგი ვირუსის წინაშე. შეცვლილ მსოფლიოში ყველასათვის ცხადი ხდება, რომ მატერიალური სიმდიდრის მოხვეჭაზე დახარჯული დრო და ენერგია ფუჭია; რომ მთავარი ღირებულება ადამიანია, რომლის ჯანმრთელობისა და ბედნიერების გარეშე, აზრს კარგავს ყოველივე მატერიალური − ფუფუნების საგნებმა ხომ საერთოდ დაკარგეს ფასიც და მნიშვნელობაც. ყველასათვის ცხადი ხდება, რომ ვერც ფული და ვერც გავლენა ვერ შველის ბუნების მთავარი ქმნილების – ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და ვერ უზრუნველყოფს მის მშვიდ და უსაფრთხო არსებობას დედამიწაზე. ადამიანებო, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!
4. სხვას ნუ ელოდები. თავად შეცვალე. თავად შექმენი! დღეს ხშირად გვესმის, რომ კრიზისი ბადებს ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ქვეცნობიერად, ადამიანთა უმრავლესობა ამ შესაძლებლობების აღმოჩენასა და საქმედ ქცევას სხვისგან ელის. არადა, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა მეტი ფიქრი, მეტი მოძრაობა, გონების მეტი ვარჯიში, რათა უმოქმედოდ კი არ ველოდოთ იმ დროს, როდის გავხდებით შეცვლილი რეალობის პასიური მოწმენი, არამედ პროაქტიურად ვიმოქმედოთ და თავად გავხდეთ ახლისა და ინოვაციურის შემოქმედი, თავად ავიღოთ ხელში ინიციატივა და თავად შევცვალოთ! ცვლილება, ახლის შექმნა და ინოვაცია კი ანტრეპრენერთათვის დამახასიათებელი მთავარი თვისებაა. კორონავირუსი ანტრეპრენერული მენტალობის და ზოგადად, ანტრეპრენერშიპის განვითარების ძლიერ კატალიზატორად მოგვევლინა, როცა ყველა მიხვდა, რომ სხვას კი არ უნდა ელოდოს, არამედ თავად უნდა შეცვალოს, თავად უნდა დანერგოს, თავად უნდა შექმნას! 2021 წელს შენი ჯერია. შენ უნდა შეცვალო. შენ უნდა შექმნა!
5. შეუძლებელი არაფერია! ადამიანები სხვადასხვა კრიტერიუმით სხვადასხვა კატეგორიად იყოფიან, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება. სწორედ ეს განსხვავებები განსაზღვრავს ადამიანის წარმატების მასშტაბებს, და ადამიანებს უმრავლესობად და უმცირესობად ყოფენ. ეს შეუძლებელია! – გეტყვით საშუალოსტატისტიკური ადამიანი პლანეტა დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ეს შესაძლებელია! – მოგიგებთ ილონ მასკი! არჩევანი ჩვენზეა. არჩევანი ტკბილ, კომფორტულ, დოგმატურ, ჩარჩოებში მოქცეულ, კონფორმისტულ უმრავლესობასა და მწარე, ტკივილიან, დისკომფორტულ, მაგრამ უსაზღვრო შესაძლებლობებისა და გმირული თავდადების მქონე უმცირესობას შორის. ის, რაც უმრავლესობისთვის შეუძლებელია, უმცირესობაში მყოფი მასკისთვის შესაძლებელია. ის ხომ თანამედროვე ანტრეპრენერთა როლური მოდელია, რომელიც ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია ადამიანს, რა შეუძლია ადამიანის გონებას, რომლისთვისაც, შეუძლებელი, მართლაც რომ არაფერია! 2021 წელს შენც დაამტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია!
6. არასოდეს დანებდე! ილონ მასკის SpaceX-ის ისტორია 2002 წელს იწყება. მან მხოლოდ თვრამეტი წლის შემდეგ შეძლო საკუთარი ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა. თვრამეტი წლის შემდეგ... უმრავლესობას კი, არათუ თვრამეტი წელი, თვრამეტი თვეც არ შეგვიძლია მოვითმინოთ. მოვითმინოთ არაერთი წარუმატებელი ექსპერიმენტი, კრიტიკა, მარცხი, გაკოტრების საფრთხის წინაშე დგომა, დაცინვა, იმედგაცრუება... ჩვენ ხომ პირველსავე მარცხის შემდეგ ვნებდებით და არ ვაგრძელებთ სვლას დასახული მიზნისკენ. ჩვენ ხომ ვაჟკაცები და მამაცები მხოლოდ სიტყვით ვართ და არა საქმით და ქმედებით! გასაგებია, რომ ყველა მასკი ვერ გახდება. ყველა ვერ შექმნის ახალი თაობის კოსმოსურ ხომალდს, ყველა ვერ დაისახავს ისეთ მიზანს, როგორიც, მაგალითად, არც მეტი არც ნაკლები, მარსის კოლონიზაცია შეიძლება იყოს. მაგრამ ჩვენც, რიგით მოკვდავებს, თუმცა ანტრეპრენერული სულისკვეთებით გაჟღენთილებს, ანტრეპრენერულად მოაზროვნეებს, ხომ შეგვიძლია გვქონდეს საკუთარი მარსი, საკუთარი SpaceX, რომელსაც მთელ ჩვენს ცხოვრებას, მთელ ჩვენს ენერგიას და შესაძლებლობებს მივუძღვნით და წინააღმდეგობების მიუხედავად, დასახულ მიზანს ბოლომდე ერთგულად და თავდადებით ვემსახურებით?!
7. შეიყვარე შენი შეცდომები და ისწავლე მათგან! ახალი წელი განვლილის გაანალიზებისა და დასკვნების გამოტანისთვის საუკეთესო დროა. შეცდომების გარეშე არც გასულ წელს ჩაუვლია და არც მომავალი წელი ჩაივლის. ჩვენ ყოველთვის ვუშვებდით, დღესაც ვუშვებთ და მომავალშიც დავუშვებთ შეცდომებს! ჩვენ ვცდებით გათვლაში, ვცდებით დათვლაში და რაც ყველაზე მტკივნეულია, ვცდებით ადამიანებში! თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ თუ აქამდე ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები ჩვენი ყველაზე დიდი პასივი გვეგონა, სინამდვილეში, ჩვენი ყველაზე დიდი აქტივი ყოფილა! რადგან არაფერი ისე არ გვაძლიერებს, როგორც ჩვენი შეცდომები. შეიყვარეთ ისინი. ისწავლეთ მათგან და თქვენ მიერ დაშვებული შეცდომები ყველაზე რთული დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებიან, მოგცემენ ძალას, რომ უფრო დაბრძენებულებმა და უფრო გამოწრთობილებმა, აკეთოთ მეტი, აკეთოთ უკეთ!
8. გადაწყვეტილებას ცხელ გულზე ნუ მიიღებ! ემოციურ ნიადაგზე მიღებული გადაწყვეტილება, უმრავლეს შემთხვევაში, სწორი არ არის. სჯობს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავო, მით უფრო მაშინ, როცა ემოციები სჭარბობს და უსამართლობის განცდა სამაგიეროს უხეში ფორმით გადახდისკენ გიბიძგებს. სჯობს, დრო გავიდეს და მერე გადაწყვიტო, როგორ იმოქმედებ. თუ ასე მოიქცევი და დროის გასვლის შემდეგ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებ, შესაძლოა შეგრცხვეს კიდეც საკუთარი თავის, როგორ შეგეძლო გეფიქრა ის, რასაც გუშინ თუ გუშინწინ ფიქრობდი და რა მადლობელი ხარ საკუთარი თავის, რომ არ იჩქარე და შენივე ემოციების ნეგატიური ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდი. დრო თავად დაგეხმარება უფრო სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მიეცი მას საშუალება, იმუშაოს შენ სასარგებლოდ...
9. გამოსავალი ყოველთვის არსებობს! "რა უფერულადაც უნდა გეჩვენოთ ცხოვრება, გამოსავალი ყოველთვის არსებობს", – წერს 72 წლის მეი მასკი საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში "ქალი ისახავს მიზანს". 2021 წელს აუცილებლად წაიკითხეთ ეს საოცრად შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც შეგახსენებთ, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა, რომლის გადალახვასაც ადამიანი ვერ შეძლებს, თუ სათანადო თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა, სიტუაციიდან გამოსვლისა და ცვლილების მკაფიო გეგმა და მიზანი ექნება, რომლის მისაღწევადაც დაუღალავად იშრომებს და არასოდეს დანებდება. "სწორი მიდგომით, მკაფიო გეგმებითა და გამბედაობით, მარსის დალაშქვრაც კი შესაძლებელია" – დაეთანხმეთ მას. ის ილონ მასკის დედაა...
რეკომენდებული წიგნი: "ქალი ისახავს მიზანს". მეი მასკი. გამომცემლობა "სეზან ფაბლიშინგი". შეიძინეთ ონლაინ: shop.entrepreneur.ge
10. დაიწყე იმით, რაც გაქვს! "გადადებული საქმე ეშმაკისაა", – ეს გამოთქმა ყველას გაგვიგია, მაგრამ მაინც არ გველევა მიზეზი, გადავდოთ ის, რაც დღესვე შეგვიძლია გავაკეთოთ. მიზეზებს რა დალევს? საქმის დაწყებაა რთული, თორემ გადადების მიზეზი იცოცხლე, რამდენიც გინდა. უქმად მყოფი ადამიანებისგან მათივე უქმად ყოფნის გამამართლებელ რა მიზეზს აღარ გაიგონებ, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც ეს ფრაზაა: "რაღაცას ველოდები..." "რაღაცას ელოდება" ადამიანი და რას ერჩი? ეს ადამიანი შეგხვდებათ რამდენიმე თვეში და ისევ გეტყვით: "რაღაცას ველოდები..." შეიძლება გავიდეს კიდევ რამდენიმე თვე და კვლავაც თავდაჯერებულად მოგიგებთ: "რაღაცას ველოდები..." არადა, ამ "რაღაცის მოლოდინში" გადის დღეები, თვეები, წლები და მთელი ცხოვრება. ადამიანები კი მაინც ელიან. ელიან რაღაც დიდს და გრანდიოზულს, პატარა საქმის კეთება კი ეთაკილებათ. ადამიანები მუდამ "რაღაცას ელიან..." და შენ რას ელოდები?! 2021 წელს მაინც დაიწყე იმით, რაც გაქვს! გახსოვდეს – რაც არ დაგიწყია, ვერც დაამთავრებ!
11. საკუთარი საქმე ხელოვნებად აქციე! საკუთარი თავი – ხელოვანად! წარმოიდგინე, რომ დგახარ სცენაზე და შენ საყურებლად ათასობით ადამიანია მოსული. ისინი აფასებენ შენს ხელოვნებას, უყვართ შენი უზადო შესრულება და მადლიერებას საკუთარი ემოციებით, ტაშითა და აპლოდისმენტებით გამოხატავენ. გაქვს კი უფლება, მათ ოდესმე იმედი გაუცრუო? რა თქმა უნდა, არა! ასეთი მიდგომით აკეთე შენი საქმეც, შენი ბიზნესიც, საკუთარი თავი არტისტად, შენი ბიზნესი კი ხელოვნების ნიმუშად წარმოიდგინე, რომლის სანახავად ათასობით ადამიანი მოდის და აღფრთოვანებას ვერ მალავს. შენი ხელოვნების დამფასებელი მაყურებელი შენ მიერ წარმოებული პროდუქტისა თუ მომსახურების მომხმარებლად წარმოსახე და ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ მათი აპლოდისმენტები დაიმსახურო. წარმოსახვით დაიწყე და მალე რეალობადაც აქციე!
12. გახდი ნამდვილი ლიდერი! დიდი თუ პატარა საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, სულით და გულით უნდა ვაკეთოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. უგულოდ ან სანახევროდ გაკეთებულ საქმეს შედეგიც სანახევრო აქვს. ნამდვილი ლიდერები ყველაფერს, რასაც ხელს მოჰკიდებენ, კარგად და ხარისხიანად აკეთებენ! ასე მოიქეცი შენც და მალე აღმოაჩენ, რომ ორგანიზაციული იერარქიის რომელ საფეხურზეც უნდა იყო, ლიდერად ქცევას ზემდგომ თანამდებობაზე დაწინაურების ლოდინი არ სჭირდება. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღე! გაიზარდე თავად და გაზარდე სხვაც! კაშკაშა ვარსკვლავივით იბრწყინე და ანათე! სადაც უნდა იყო და რასაც უნდა აკეთებდე! ახალ სამყაროს ახალი ტიპის ლიდერები სჭირდება! გახსოვდეთ – ახალ სამყაროში ლიდერებს მხოლოდ სტატუსითა და თანამდებობით არ აფასებენ! 2021 წელი ნამდვილი ლიდერების წელი იქნება!
13. არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეულით! ადვილია, შეიყვარო წარმატება და დაკმაყოფილდე მიღწეულით. კმაყოფილება კი სტაგნაციას იწვევს. ამიტომაც, უარი თქვით თვითკმაყოფილებაზე, არ დაკარგოთ ახალი მწვერვალების დაპყრობის მწველი სურვილი, დაისახეთ ახალი მიზნები და დაუღალავად იმუშავეთ მათ მისაღწევად! რადგან თუ გაჩერდები და აღარ მოინდომებ განვითარებას, არ ამოირჩევ ახალ სამიზნეს, რაც უნდა წარმატებული იყო, შენი მონდომება ვეღარ იქნება ისეთი ძლიერი, როგორც წარსულში, როცა წარმატების მისაღწევად დაუღალავად შრომობდი, რადგან ჩათვლი, რომ შენ უკვე მიაღწიე წარმატებას და ახლა დასვენებისა და მიღწეულით ტკბობის დროა. რა უნდა იყოს ჩემი შემდეგი მიღწევა? ესაა შეკითხვა, რომელიც ყველა წარმატებულმა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს და ახალი წარმატების მისაღწევად დაიწყოს ფიქრი და მუშაობა, ოღონდ არა როგორც უკვე წარმატებულმა, არამედ როგორც დამწყებმა, რომელიც მთელი არსებით ისწრაფვის სწავლის, განვითარების, გაფართოებისა და გაზრდისკენ! 2021 წელს ერთ წარმატებას მეორე დაუმატეთ, მესამეს მეოთხე და წარმატების მიღწევა, ახალი მწვერვალების დაპყრობა არა ერთჯერად ამოცანად, არამედ სიცოცხლის თანმდევ მუდმივ პროცესად აქციეთ!
14. ნუ იქნები კარგი. იყავი საუკეთესო! ადამიანის მიერ საკუთარი თავის მართვას, საკუთარ თავზე გამარჯვებასა და ბიზნესში გამარჯვებას შორის მჭიდრო ემოციური ურთიერთკავშირი არსებობს, რაც დიდწილად განსაზღვრავს კიდეც პასუხს შეკითხვაზე – რამდენად კარგი გვინდა ვიყოთ სინამდვილეში? შევეგუებით სიღარიბესა და გაჭირვებაში ცხოვრებას? კარიერაც ასეთი გვექნება... უარს ვერ ვიტყვით მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაზე? მავნე ჩვევები ბიზნესშიც შეგვახსენებენ თავს... არ ვიმუშავებთ საკუთარ თავზე ნებისყოფის გამოსამუშავებლად და გამძლეობის უნარის გასაძლიერებლად? ბიზნესშიც მოგვიწევს გამოწვევებთან ნაადრევად დანებება... ადამიანებმა მეტი დრო და ყურადღება უნდა დავუთმოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, პიროვნულ ზრდასა და სრულყოფილებას, რადგან სწორედ ჩვენ მიერ გამომუშავებული თვისებები და უნარ-ჩვევები დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში ბიზნესსა თუ ნებისმიერ საქმიანობაში! და თუ მართლაც გვსურს, ვიყოთ არა უბრალოდ კარგები, არამედ საუკეთესოები, მაშინ ჩვენი გონებაც და სხეულიც საუკეთესო მიზნების მიღწევაში ვავარჯიშოთ. ნუ ვიქნებით საშუალო. ნურც კარგი. ნურც ძალიან კარგი, არამედ – საუკეთესო! არ დავკმაყოფილდეთ უბრალოდ კარგ ფორმაში ყოფნით, არამედ მიზნად საუკეთესო ფორმაში ყოფნა დავისახოთ! 2021 წელს გაიმარჯვეთ საკუთარ თავთან ბრძოლაში და ყველა სხვა ბრძოლიდანაც გამარჯვებული გამოხვალთ!
რეკომენდებული წიგნი: It's not how good you are, it's how good you want to be.
Paul Arden
15. იყავი ნამდვილი. მართლა ნამდვილი... არაფერია ნამდვილ ადამიანებთან ურთიერთობაზე სასიამოვნო. თუმცა, ამ სიამოვნებას, სამწუხაროდ, მოკლებულნი ვართ. იგივე ეხება ბიზნესსაც და საქმიან ურთიერთობებსაც. ჩვენ მიერ განსახიერებულ როლში ვერასოდეს ვიქნებით უფრო უკეთესი, უფრო საინტერესო და მომხიბლავი, ვიდრე სინამდვილეში ვართ. აღარ გვინდა თამაში. დავრჩეთ ნამდვილებად. უნიკალურებად, რაც ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობაა. უარს ნუ ვიტყვით მასზე... 2021 წელს მაინც!
16. ნუ იწუწუნებ! საქმეს მიხედე! თანამედროვეობის #1 მწერლის მალკოლმ გლადველის წიგნიდან Outliers – The Story of Success გაიგებთ, რომ წარმატება მხოლოდ თანდაყოლილი ბედისა და იღბლის ამბავი არაა, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს აერთიანებს. ეს არის შესაძლებლობა, მისი სწორად დანახვისა და გამოყენების უნარი და წარმოუდგენლად დიდი შრომა. ისეთ შემთხვევით ფაქტორებს კი, როგორიცაა როდის და სად დავიბადეთ, რა თქმა უნდა, შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ჩვენ ხელთ არსებულ შესაძლებლობებზე, მაგრამ ეს არ არის მთავარი და ერთადერთი. ამ ფაქტორებს ჩვენ მაინც ვერ შევცვლით! ამიტომაც, უნდა მოვრჩეთ წუწუნს, რომ დავიბადეთ საქართველოში, დავიბადეთ ომისა და ნგრევის ეპოქაში, როცა ჩვენზე არაფრით აღმატებული ადამიანები სხვაგან გაცილებით დიდ წარმატებას აღწევენ, და მივხედოთ საქმეს, მივხედოთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მართალია შედარებით მწირია, ვიდრე სხვაგან, მაგრამ მაინც არსებობს. და თუ შრომა არ დაგვეზარება, წუწუნში და იმედგაცრუებაში არ გავატარებთ წლებს და გავიაზრებთ, რომ ჩვენი მომავალი ჩვენსავე ხელშია, მაშინ თვალწინ გადაგვეშლება ახალი შესაძლებლობები და მაშინ, როცა ეს მოხდება, შრომაში დახარჯული ათიათასობით საათის შედეგად დაგროვილი ცოდნით და ექსპერტიზით აღჭურვილები, მზად ვიქნებით, მივიღოთ და გამოვიყენოთ ახალი შესაძლებლობები! 2021 წელს აღარ იწუწუნო! საქმეს მიხედე! საქმეს!
რეკომენდებული წიგნი: Outliers – The Story of Success. Malcolm Gladwell
17. იფიქრე და იაზროვნე ლეონარდო და ვინჩივით... და ვინჩის გენია ბოლომდე შესწავლილი არაა და ალბათ, ვერც ვერასოდეს იქნება, თუმცა კაცობრიობა შეთანხმებულია გენიოსის შინაგანი პორტრეტის ძირითად მახასიათებლებზე, მის უნიკალურ სახასიათო თვისებებზე, რამაც შეაქმნევინა კიდეც მსოფლიო შედევრები და უკვდავყო მისი სახელი. გახსოვდეს – გენიოსები არ იბადებიან. გენიოსებად ყალიბდებიან. ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია როგორ გამოვიყენებთ მათ. თითოეულ ჩვენგანში არსებობს უნიკალური შინაგანი ძალა, ფარული შესაძლებლობები, რომლებიც უნდა აღმოვაჩინოთ და საუკეთესო მიზნებისკენ მივმართოთ. ამაში კი ლეონარდო და ვინჩი საკუთარი მაგალითით დაგვეხმარება, თუ როგორ შეიძლება ვიყოთ მეტად შემოქმედებითები, როგორ შეიძლება გამოვიმუშავოთ წარმოსახვისა და ჩვენი იდეების ვიზუალიზაციის უნარი, როგორ შეიძლება ვავარჯიშოთ გონება, დავტკბეთ ცხოვრებით და ყველაფრით, რაც ჩვენ გარშემო ხდება, როგორ დავისახოთ მიზნები, როგორ დავგეგმოთ, როგორ მივაღწიოთ სხეულისა და გონების ჰარმონიას. მაშ ასე, 2021 წელი ლეონარდოს წლად გამოაცხადეთ!
18. ფეხებზე დაიკიდე. ოღონდ ნატიფად... მარკ მენსონის ქართულად ნათარგმნი მსოფლიო ბესტსელერი "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება" საქართველოშიც ბესტსელერად იქცა, ალბათ იმიტომ, რომ ადამიანთა უმრავლესობას ყველაფრის ფეხებზე დაკიდების დახელოვნებაში ჰქონდა მოლოდინი, თუმცა ვფიქრობ იმედი გაუცრუვდათ. ეს წიგნი ვერ და არ გასწავლით, როგორ გახდეთ კიდევ უფრო გულგრილი, ინდიფერენტული და უემოციო. ფეხებზე დაკიდებისა რა გითხრათ, და ეს წიგნი სწორი არჩევანის, პრიორიტეტების სწორად დასახვის, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისა და ჯანსაღი ფასეულობების არჩევის წიგნი უფროა. როგორც ავტორი ამბობს, ეს არის წიგნი "სხვანაირ ადამიანად ყოფნის უნარის" შესახებ. ვისაც ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ 2021 წელს მაინც წაიკითხოთ და აღმოაჩინოთ, რომ "თუ სწორ ფასეულობებსა და კრიტერიუმებს ავირჩევთ, სიამოვნება და წარმატება თავისთავად მოვა, როგორც კარგი ფასეულობების თანმდევი "გვერდითი" პროდუქტი".
რეკომენდებული წიგნი: "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება". მარკ მანსონი. გამომცემლობა "პალიტრა L". შეიძინეთ ონლაინ: shop.entrepreneur.ge
19. პატარა ცვლილებებით დიდ შედეგებს მიაღწევ. იყავი თანმიმდევრული... სხვა ბევრი საოცრების გარდა, იაპონელებს ერთიც აქვთ – Kaizen, რომელიც იაპონური კულტურისა და ყოფის ფილოსოფიად მიიჩნევა და თანაბრად სასარგებლოა როგორც ბიზნესის, ისე ადამიანის ტრანსფორმაციისთვის. გაიგეთ მეტი Kaizen-ის შესახებ და აღმოაჩინეთ, როგორ შეუძლია პატარა დეტალებს, მცირე, მაგრამ თანმიმდევრულ ცვლილებებს, საოცრების მოხდენა, თუ დასახულ მიზანს პატარა, მარტივად შესრულებადი ნაბიჯებით მიაღწევთ. Kaizen – ეს არის იდეოლოგია ცვლილების შესახებ, რომელიც გასწავლით, რომ ყველაზე ცუდ ჩვევებთან გამომშვიდობება და ყველაზე რთულ გამოწვევებთან გამკლავება შესაძლებელია მუდმივი, თანმიმდევრული გაუმჯობესების შედეგად. 2021 წელი თქვენი ტრანსფორმაციის წლად გამოაცხადეთ და გახდით უკეთესი, მცირედით, ყოველდღიურად!
რეკომენდებული წიგნი: Kaizen, The Japanese Method for Transforming Habits One Small Step at a Time. Sarah Harvey
20. ჯანმრთელობა, უპირველეს ყოვლისა! საკუთარ თავს მეტი დრო რომ უნდა დაუთმოთ, 2020 წლის დასაწყისში ჩემი "20 რჩევითაც" გაფრთხილებდით და რადგან 2020-მა წელმა ამაში კიდევ უფრო დაგვარწმუნა და თქვენც უკვე კარგად მოგეხსენებათ, რომ საკუთარ თავზე დახარჯული დრო თქვენს ახლობელ ადამიანებზე დახარჯული დროის ტოლფასია, რადგან მათ, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელი და ბედნიერი სჭირდებით, 2021 წლისთვის უფრო კონკრეტულ რჩევას მოგცემთ: ჩაიტარეთ ე.წ. Check Up-პროგრამა, რომელიც ადრეულ ეტაპზევე გამოავლენს ჯანმრთელობის პოტენციურ პრობლემას, რაც ამცირებს დაავადების გართულების რისკს, საგრძნობლად ზრდის განკურნების შანსს და ახანგრძლივებს ადამიანის სიცოცხლეს. ეს, განსაკუთრებით 30 წლის ზემოთ ადამიანებს ეხება, რადგან არ არის საიდუმლო, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ჯანმრთელობის პატარ-პატარა პრობლემებიც იჩენს თავს და სწორედ იმიტომ, რომ დღევანდელი პატარა პრობლემა ხვალ დიდ თავისტკივილად არ გვექცეს, საჭიროა პრობლემა დროულად აღმოვაჩინოთ და დროულად ვუმკურნალოთ! ე.წ. Check Up თავად გამოვცადე და სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ამაზე უკეთესს საკუთარ თავს 2021 წელს ვერაფერს გაუკეთებთ.
რეკომენდებული სამედიცინო დაწესებულება: აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი. facebook.com/ToduaClinic
21. სცადე რაღაც სრულიად ახალი. მაგალითად, ცეკვა? რატომაც არა!
2021 წელს აუცილებლად სცადე რაღაც ახალი. ისეთი რამ, რაზეც არასოდეს გიფიქრია და ვერც კი წარმოგედგინა, რომ როდესმე ამ საქმიანობით, სპორტის ამა თუ იმ სახეობითა და თუ რომელიღაც ხელობით იქნებოდი დაკავებული. შენი ახალი გატაცება რაც უფრო მოულოდნელი იქნება შენი ნაცნობ-მეგობრებისთვის, მით უკეთესი... არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ეს შენ შემთხვევაში – მებაღეობა, პურის ცხობაში დახელოვნება, ჩინური ხელოვნების შესწავლა თუ ჭადრაკის თამაში... მე ცეკვა დავიწყე. დიახ, ცეკვა ფიტნეს-ელემენტებით, და ვაპირებ 2021 წელსაც გავაგრძელო. 44 წლის ასაკში ცეკვის დაწყება მარტივი სულაც არ აღმოჩნდა. პირიქით – ძალიან რთულია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ რთულთან შეჭიდება გვაძლიერებს, უფრო უნარიანს, გამბედავს, მამაცსა და მეტის შემძლეს გვხდის. მარტივი ამოცანები, თავის შესაფერისი პატარ-პატარა ჯილდოებით, 2020 წელს დაუტოვეთ. 2021 წელს გაირთულეთ საქმე!
P.S.: "სუხიშვილებში" რომ ა(ღა)რავინ მიგვიღებს, იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ არ შეგვიძლია ვიცეკვოთ უკეთ, ვიდრე აქამდე ვცეკვავდით...
რეკომენდებული სტუდია: ცეკვის მულტიფუნქციური სივრცე "დარბა". facebook.com/darbadance
გილოცავთ ახალ, იმედისმომცემ 2021 წელს!
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი