Get All Access for $5/mo

Binance-ს მიერ ორგანიზებული ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი საქართველოდან $10 მილიონიანი საპრიზო ფონდის საერთაშორისო ჰაკათონში მიიღებს მონაწილეობას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სულ ახლახან, საქართველომ, კერძოდ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, კომპანია DeGameFi-სა და BNB Chain-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ჰაკათონს უმასპინძლა, რომელშიც როგორც ქართველმა ისე უცხოელმა დეველოპერებმა მიიღეს მონაწილეობა. ჰაკათონის მონაწილე 25 გუნდს Web3-თან და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცანებისა და დავალების შესასრულებლად 48 საათი მიეცათ, რა დროშიც მათ თავიანთი ნამუშევრები საერთაშორისო ჟიურის წინაშე უნდა წარედგინათ.

ჰაკათონის გამარჯვებული გახდა გუნდი საქართველოდან, სახელად - Batcave, რომელსაც $1500-ის ოდენობის პრიზი და რაც ყველაზე მთავარია, ოქტომბერში ჩანიშნულ საერთაშორისო ჰაკათონში მონაწილეობის ბილეთი, ე.წ. Golden Tiket გადაეცა. გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: ლევან ილაშვილი, გიორგი კოშორიძე და ბექა ზაქაიძე, რომლებმაც თავიანთი გემიფიცირებული პროექტით არამარტო შემფასებელთა, არამედ თავად Binance-ს გემიფიკაციის მიმართულების ხელმძღვანელის ინტერესი დაიმსახურეს.

ქართველთა გუნდის პროექტი სახელწოდებით - Cours3 აერთიანებს საგანმანათლებლო, დეცენტრალიზებული ფინანსებისა და გემიფიცირების სფეროებს და ერთი მხრივ ეხმარება ადამიანებს თვითგანათლების პროცესის გაუმჯობესებაში, ხოლო მეორე მხრივ, კრიტპო ეკოსისტემის მსხვილ მოთამაშეებს მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.

"ჩვენი პროექტის იდეის ინსპირაცია ჩვენი პირადი გამოცდილება გახდა. თითოეულ ჩვენგან გვაქვს ნაყიდი უამრავი კურსი, რომლებსაც ან არ გავდივართ, ან არ ვამთავრებთ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თვითგანათლების მსურველებს გავუჩინოთ მოტივაცია და ერთგვარი "ტრიგერი" ამ სასწავლო კურსების დამთავრებისათვის. რატომაა მნიშვნელოვანი კურსის დამთავრება? BNB, ისევე როგორც კრიპტობაზრის სხვა მოთამაშეები ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავენ იმისათვის, რომ თავიანთი ეკოსისტემა ასწავლონ დეველოპერებსა და ყველა დაინტერესებულ პირს. ამისათვის, მოვიფიქრეთ პლატფორმა, რომელზეც ნებისმიერი მსურველი შეიძენს სასწავლო კურსს, ფსონად დებს პირობითად BNB-ს, უთითებს კურსის დაწყებისა და დასრულების ვადებს და იმ შემთხვევაში, თუ კურსს დათქმულ პერიოდში წარმატებით დაასრულებს, დაუბრუნდება გადახდილი საფასური და საჩუქრად მიიღებს ჩვენს ტოკენებს. ხოლო თუკი ადამიანი კურსს არ გაივლის, მის მიერ დადებული თანხა, ისევე როგორც ტოკენები უბრალოდ ქრება.

პლატფორმის მომხმარებლებს ამ შემთხვევაში ორი მოტივაცია აქვთ: ერთი ის, რომ უჩნდებათ ტოკენების მოგების შესაძლებლობა (რომლითაც შემდგომ სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს გადაიხდიან), ხოლო მეორე - კურსში გადახდილი თანხის ამოღება და პრაქტიკულად უფასოდ სწავლა.

რაც შეეხება პროექტის ბიზნეს მოდელს, სწავლის მსურველი სასერტიფიკატო გამოცდის საფასურს ჩვენი სპეციალური ტოკენებით გადაიხდის; თავიანთი კურსების განსათავსებლად სხვადასხვა ფონდები კონკრეტულ თანხას გადაიხდიან, ვინაიდან ეს ღია პლატფორმა არ იქნება და მესამე - სტატისტიკის მიხედვით, თვითგანათლების მსურველთა 55%, როგორც წესი კურსებს არ ასრულებს და შესაბამისად, მათ მიერ გადახდილი თანხა ჩვენს შემოსავლად იქცევა", - გვიამბობს პროექტ Cours3-ს შესახებ, გამარჯვებული გუნდის წევრი, ბექა ზაქაიძე.

ცნობისთვის, DeGameFi-სა და BNB Chain-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ჰაკათონის დასკვნითი ღონისძიება 22-23 ოქტომბერს ჩატარდება, სადაც საქართველოს წარმომადგენელი გუნდი $10 მილიონიანი საპრიზო ფონდის მოპოვებას შეეცდება.

Entrepreneur ტრადიციულად თვალყურს ადევნებს ქართული კრიპტო ეკოსისტემის სიახლეებს და წარმატებას უსურვებს გუნდს - BatCave (ლევან ილაშვილი, გიორგი კოშორიძე და ბექა ზაქაიძე) საერთაშორისო სარბიელზე.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე