Join our Waitlist for Expert Advice!

ქართული კომპანია Noxtton-ი შვეიცარიის ბაზარზე შედის ახალი ბაზარი ახალი შესაძლებლობებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Noxtton

ქართული ტექნოლოგიური კომპანია Noxtton-ი შვეიცარიის ბაზარზე შედის. კომპანიის მიზანია, სრულად აითვისოს ევროპის ქვეყნებში არსებული პოტენციალი და შექმნას ლოკალურ მოთხოვნებზე ორიენტირებული სერვისები.

ახალ ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის თანადამფუძნებელი და CTO, გიორგი ჯავახიძე გვესაუბრა.

"თავდაპირველად, დიდ ბრიტანეთში დავიწყეთ საქმიანობა, თუმცა მალევე გავფართოვდით და ავითვისეთ საქართველოსა და ესტონეთის ბაზარი. დღეს Noxtton-ი 3 ქვეყნაში ოპერირებს და ჩვენი სერვისები 10-ზე მეტ ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი. მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო ბაზარზე დავაგროვეთ საკმაო გამოცდილება იმისთვის, რომ კონკურენცია გავუწიოთ უცხოურ ტექნოლოგიურ ორგანიზაციებს და მომხმარებელს ისეთი სერვისები შევთავაზოთ, როგორებიც არის: კიბერუსაფრთხოება, Custom Software, Data Driven Marketing."

შვეიცარიის ბაზარი Noxtton-ის განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ტექნოლოგიური სტარტაპების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. მხოლოდ 2020 წელს ქვეყანაში 34 000-მდე კომპანია დაარსდა.

"შვეიცარიის ბაზარი საკმაოდ დიდი და განვითარებულია, განსაკუთრებით ტექნოლოგიური კუთხით. აქ ძალიან ბევრი სტარტაპია, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ტექნოლოგიების და განსაკუთრებით ბლოკჩეინის სფეროს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენც ბლოკჩეინის მიმართულებით ვმუშაობთ და ვაპირებთ გაფართოებას, მოვლენების ეპიცენტრთან ყოფნა მნიშვნელოვანია".

კონკურენციის მაღალი დონის მიუხედავად, Noxtton-ის გუნდი ფიქრობს, რომ მათი კომპანიის იდენტობა ახალ ბაზარზე დამკვიდრებასა და ახალი პარტნიორების მოძიებაში დაეხმარებათ. კომპანიის პორტფოლიო საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე შესრულებულ 60-ზე მეტ პროექტს ითვლის. მათ უპირატესობას კი განხორციელებული პროექტების ხარისხი წარმოადგენს.

"ვფიქრობთ, რომ შვეიცარიის ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში ჩვენი ახალი, Digital Asset Management-ის პროდუქტიც დაგვეხმარება, რომელიც საშუალო და პატარა ზომის კომპანიებისთვის იქნება განკუთვნილი. ეს პლატფორმა შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, გამარტივებული გზით, ერთი პლატფორმიდან მართონ ყველა საკუთარი დიჯითალ აქტივი (მაგ. ვებსაიტი, აპლიკაცია, დომენები). მიგვაჩნია, რომ ამ პროექტს, რომელსაც წლის ბოლოს ჯერ საქართველოში, შემდეგ კი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გავიტანთ, პოზიტიური გავლენა ექნება ბიზნესის წარმოების პროცესზე".

როგორც გიორგი ჯავახიძე გვიხსნის, კომპანიისთვის მთავარ გამოწვევას პირველი პარტნიორებისა და პროექტების შერჩევა წარმოადგენს.

"ახალ ბაზარზე შესვლა ყოველთვის ახალ გამოწვევებთან ასოცირდება. ყველაზე რთული ამოცანა კი პირველი კლიენტების პოვნაა. ვცდილობთ, ისეთი კონკრეტული მიმართულების პროექტები განვახორციელოთ, რომლებიც კარგი ნიმუში და მაგალითი იქნება იმისა, თუ რა შეგვიძლია და რა ტიპის მიდგომით ვმუშაობთ.

ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი კომპანიისთვის გავხდეთ შვეიცარიაში ლოკალურად ხელმისაწვდომი და თითქმის სრულად მოვიცვათ ევროკავშირის ბაზარი. ვგეგმავთ, შევიდეთ ისეთ ქვეყნებში, რომელიც მაქსიმალურად ფართო დაფარვის ზონის შესაძლებლობას მოგვცემს".

საბოლოოდ კი, გიორგი ჯავახაძე ამბობს, რომ პატარა და საშუალო ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრის ათვისებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს არის მთავარი გზა განვითარებისკენ.

"ყველა პატარა თუ საშუალო კომპანიას ვურჩევდი, რომ აუცილებლად იფიქრონ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაფართოებაზე. აირჩიონ ისეთი ბაზრები, რომლებიც მაქსიმალურად ბევრი კომპანიის დაფარვის საშუალებას მისცემს მათ. პირველ რიგში, ვურჩევდი ევროკავშირისა ან ევროპის ქვეყნებში შესვლას და ლოკალურ კომპანიებთან თანამშრომლობას.

საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად კი აუცილებელია საკუთარი იდენტობის განსაზღვა. ამიტომ, ვურჩევდი, რომ აქცენტირება მოახდინონ საკუთარი კომპანიისა და სტარტაპის ძლიერ მხარეებზე, რაც დაეხმარება მათ, მაქსიმალურად მარტივად აითვისონ ახალი ბაზარი და მოიძიონ პარტნიორები.

კომპანია Noxtton-ი მრავალპროფილური, საერთაშორისო საინფორმაციო-ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს. ორგანიზაციის პორტფოლიო 60-ზე მეტ მასშტაბურ პროექტ ითვლის, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე. კომპანიას წარმომადგენლობა აქვს სამ ქვეყანაში და მისი ტექნიკური სერვისები 10-ზე მეტი ქვეყნის ბაზარზე არის ხელმისაწვდომი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

AI ინსტუმენტები, რომელიც რეალურად მუშაობს

20 ინსტრუმენტი, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ მეწარმეები

Business News

კარგი მომლაპარაკებლის ოსტატობა

რა შეცდომებს ვხვდებით მოლაპარაკებისას?