Get All Access for $5/mo

ქართველი სტუდენტების გუნდი საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩვენ ვართ საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტების გუნდი : ვანო გვენცაძე, ნინა ავდალიანი, ბექა ყალბეგაშვილი, მარიამ მეგენეიშვილი. მიუხედავად ერთსა და იმავე ფაკულტეტზე ყოფნისა, ეს ჩვენთვის ერთად მუშაობის პირველი გამოცდილება იყო. ქალაქგეგმარების საფუძვლების გავლისას, ლექტორებმა სალომე გუგუნავამ და ნოდარ კვანჭიანმა, შემოგვთავაზეს ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება. აქამდე, ურბანულ პროექტებთან და პრობლემებთან შეხება არ გვქონია, ამიტომაც, ვიფიქრეთ, რომ საინტერესო იქნებოდა ჩვენი თავების ამ კუთხით გამოცდა და პარალელურად ახალი, მონათესავე სფეროს გაცნობა. კონკურსის შესახებ სემესტრის დასაწყისში, კონკურსის დედლაინამდე მხოლოდ თვე ნახევრით ადრე გავიგეთ, ამიტომ გვიხარია, რომ სხვადასხვა სირთულის მიუხედავად, ყველაფერი ასე წარმატებულად დაგვირგვინდა.

Plaza de la Revolución, რომელიც მდებარეობს ვედადოს რაიონში, ძველი ჰავანას დასავლეთით, არის არა მხოლოდ ერთ-ერთი უდიდესი საჯარო მოედანი მსოფლიოში - 72,000 კვადრატული მეტრი - არამედ ასევე დიდი ისტორიული დატვირთვის ადგილი. მოედანი იყო კუბის რევოლუციის რამდენიმე მთავარი მოვლენის ეპიცენტრი და ადგილი, სადაც მილიონამდე ადამიანი ერთდროულად იკრიბებოდა სამოქალაქო აქტივობების დროს.

თუმცა დღესდღეობით მოედანს სრულიად დაეკარგა ფუქნცია, შეიძლება ითქვას, დროში გაიყინა და ელოდება რომ ახლიდან აღმოაჩინონ. მოედანს მხოლოდ ტურისტებიღა თუ იყენებენ, რომ ჩე გევარას მემორიალის წინ ფოტო გადაიღონ. ჩვენი დავალება იყო რევოლუციის მოედნის ხასიათის, მისი შესაძლებლობების გააზრება და აღმოჩენა, რათა შეგვემუშავებინა ისეთი საკონკურსო წინადადება, რომელიც მოედანს შთაბერავდა ახალ სიცოცხლეს და ახლიდან აღმოსაჩენს გახდიდა მას ქალაქისთვის.

საკონკურსო დავალებაში ასევე ხაზგასმული იყო საპროექტო არეალის გეოგრაფიული ლოკაციის და კლიმატის მნიშვნელობა, და მაქსიმალურად ეკომეგობრული ხერხების გამოყენების აუცილებლობა.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს მიდგომას, გვსურდა, რომ ჩვენი საკონკურსო წინადადებით მაქსიმალურად შეგვენარჩნებინა და ხაზი გაგვესვა ადგილის ისტორიული და კულტურული ღირებულებებისთვის. პროექტში გამოვიყენეთ ისეთი დეტალები, რომლებიც ითვალისწინებდა ჰავანასთვის დამახასიათებელ კლიმატს, კუბაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს, ვინტაჟური მანქანების გამონაბოლქვს, ტყის მასივების შემცირებას, უშუალოდ საპროექტო ადგილისთვის დამახასიათებელ ხმაურის პრობლემას. ჩვენი კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ასევე, ქალაქის ისტორია, მისი განვითარება, კერძოდ: ქალაქის მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი და კონტრასტული ურბანული ქსოვილი. დიზაინში გამოყენებული არქიტექტურული ფორმებით და მოცულობებით, რელიეფის ცვლილებებით და მრავალფეროვანი ფუნქციების დამატებით, შესაძლებლობას ვაძლევთ ვიზიტორს ახლებურად შეხედოს მოედანს და განსხვავებულად, უფრო საინტერესოდ აღიქვას იგი.

უშუალოდ მუშაობის პროცესზე რომ მოგიყვეთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ მცირე დროის გამო, სრული და სისტემატიური დატვირთვით ვმუშაობდით პროექტზე, რაც კიდევ ერთ რთულ, თუმცა საინტერესო გამოწვევას წარმოადგენდა ჩვენთვის. ასეთი გამოწვევის დაძლევაში ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი მენტორები: ნოდარ კვანჭიანი და სალომე გუგუნავა. მათი დახმარებით შევძელით, რომ დროის სიმცირის, პროექტის სირთულის და ურბანულ საკითხებთან მცირედი გამოცდილების მიუხედავად, შეგვექმნა ისეთი პროექტი, რომელიც მნიშნელოვან წარმატებას მიაღწევდა ასეთი დონის საერთაშორისო კონკურსში. ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის, რომელიც ძალიან დაგვეხმარა წარმატების მიღწევაში და მოგვცა საშუალება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ გავსულიყავით.

TerraVivas-ს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ პროფესიონალი არქიტექტორები და სტუდენტები. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, თავდაპირველად ჩვენი პროექტი მოხვდა 30 ფინალისტს შორის, ხოლო ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად "INTERSECTION FOR INTERACTION" მოხვდა საუკეთესო შვიდეულში, რომელთაგანაც ერთადერთი სტუდენტური პროექტი აღმოჩნდა და დაიმსახურა "ოქროს წოდება".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!