Cyber Monday Sale! 50% Off All Access

ქართველი ვიდეობლოგერი ქაღალდის "სკრეპს" ელექტრომობილში ცვლის | ჟორა კეისარის ამბავი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ინიციატივას საზოგადოებამდე მიაქვს მთავარი აზრი, რომ დროის კონკრეტულ მომენტში შენთვის ნაკლებსასარგებლო ნივთი შეგიძლია გადაცვალო სხვა ნივთში, რომელიც უფრო მეტად გჭირდება.

"სკრეპი ელექტრომობილში" - ასე ჰქვია სოციალურ ექსპერიმენტს, რომელიც ერთი წლის წინ, ქართველმა ვიდეობლოგერმა, ფსევდონიმით ჟორა კეისარმა, წამოიწყო. ექსპერიმენტის მთავარი მიზანი საზოგადოების ჩართულობის შემოწმება და გაცვლების პოპულარიზაციაა, რის მისაღწევადაც, ვიდეობლოგერი ცდილობს, ეტაპობრივი გაცვლის პრინციპით, ქაღალდის სამაგრი ელექტრომობილში გადაცვალოს. ამ ეტაპისთვის, ჟორა კეისარი გაცვლებით 2,000 ლარის ღირებულების Honda Joker-ის მოპედამდეა მისული, რასაც სოციალურ ქსელებში მილიონზე მეტი მოწონება და გამოხმაურება აქვს.

"პირვანდელი იდეა მე არ მეკუთვნის. ძალიან თუ ჩავუღრმავდებით გაცვლებს (უფრო კონკრეტულად კი შენი კუთვნილი ნივთის რაიმე შენთვისვე უფრო სასარგებლოში გაცვლას), როგორც მოცემულობას, ბევრად ძველი ისტორია აქვს… მაგრამ უშუალოდ a ნივთის, გაცვლების თანმიმდევრული სერიების შედეგად, ბევრად უფრო ფასეულ b ნივთამდე გაცვლის იდეის მამა იყო ერთი იმ მომენტისთვის უმუშევარი კანადელი ახალგაზრდა - კაილ მაკდონალდი (Kyle Macdonald), რომელსაც საკუთარ მაგიდაზე შემჩნეული წითელი ქაღალდის სარჭით გაუჩნდა ეს იდეა და ამ ყველაფრის სისრულეში მოსაყვანად წელიწადი და ექვსი თვე დაჭირდა. ეს მოხდა 2005-2006 წლებში. მას მერე მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრმა ცნობადმა თუ უცხო სახემ აიტაცა ეს იდეა და განახორციელა. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში (და ალბათ რეგიონშიც) მსგავსი ექსპერიმენტი არავის უცდია და ზუსტად აქ გამოვჩნდი მეც", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ჟორა კეისარი.

ინიციატივის წამომწყების, კაილ მაკდონალდის, ისტორია ვიდეობლოგერმა წლების განმავლობაში იცოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ვერ ახორციელდება სოციალურ ექსპერიმენტს. საბოლოოდ, ქუჩაში შემთხვევით ნაპოვნი ქაღალდის სარჭი აღმოჩნდა ბიძგი, ხორცი შეესხა პროექტისთვის და წამოეწყო მასშტაბური კამპანია. 2021 წლის 10 სექტემბერს შექმნა Facebook ჯგუფი - "სკრეპი ელექტრომობილში", სადაც იდება განახლებული ინფორმაცია როგორც ექსპერიმენტის ეტაპებზე, ისე - ზოგადად, ნივთების გაცვლა-გამოცვლასა და სხვა თემატურ საკითხებზე.

როგორც ვიდეობლოგერი საუბრისას განმარტავს, პროექტის მთავარი მოტივატორი არ არის "ჟორა ელექტრომობილის საჭესთან", არამედ - ინიციატივას საზოგადოებამდე მიაქვს მთავარი აზრი, რომ დროის კონკრეტულ მომენტში შენთვის ნაკლებსასარგებლო ნივთი შეგიძლია გადაცვალო სხვა ნივთში, რომელიც უფრო მეტად გჭირდება. "პროექტის გაშვებამდე ბევრად ადრე ვეკითხებოდი რჩევებს მეგობრებს, თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს და სხვადასხვა პასუხებს ვიღებდი.ზოგი ამბობდა, რომ არ გაამართლებდა, ზოგს იდეის ჯეროდა და დარწმუნებით მიმტკიცებდნენ, რომ იმუშავებდა… ერთი წლის (და ცოტა მეტის) წინ გავაკეთე ჯგუფი და დავდე პირველი ვიდეო, უშუალოდ ამ ვიდეოს ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა და ბევრი შემოთავაზებაც მივიღე, ძალიან ბევრმა შინაურმა თუ უცხომ გამოთქვა სურვილი, გამხდარიყვნენ ამ პროექტის ნაწილი. პირველი ვიდეო ფეისბუქის პარალელურად ჩემს პირად იუთუბ არხზეც დავდე და გადაწყდა მომდევნო გაცვლებიც ვლოგების სახით გადამეღო და დამედო ამავე არხზე. მომდევნო რამდენიმე გაცვლასთან ერთად გაჩნდა მედიის მხრიდანაც იტერესი, რის შედეგადაც უფრო მეტმა უცხო ადამიანმა გაიგო - ამის შემდეგ უფრო მეტი დადებითი და მამოტივირებელი უკუკავშირი მივიღე. თუმცა მქონია შემთხვევაც, რომ უსაფუძვლო კრიტიკა მიმიღია - "საქართველოში ხარ, ძმა, ვინ რას გაგიცვლის", "ნეტაი, ერთი მოგცლია" და ა.შ. საბოლოო ჯამში, სიმართლე გითხრათ, არანაირად არ ველოდი ამ ოდენობით დადებით გამოხმაურებას - თაობების განურჩევლად. ვფიქრობ, ეს შეფასებები ზუსტად იმ ემოციამ გამოიწვია, რაც მე გამიჩნდა, როდესაც კაილის ისტორიის შესახებ გავიგე და ავენთე. უკვე ბევრი ფაქტი არსებობს იმის შესახებ, რომ "სკრეპი ელექტრომობილში" ბევრისთვის მოტივატორი გახდა, თუნდაც ერთჯერადი გაცვლის განხორციელებისთვის, რაც პირდაპირ ეხმაურება პროექტის მთავარ მიზანს", - განმარტავს ვიდეობლოგერი.

პროექტის უკან უამრავი ადამიანი დგას და "სკრეპმხანაგის" სახელით ცდილობს, ჩაერთოს ინიციატივაში და დიდი ენთუზიაზმით გაეცნოს პროექტის პროგრესს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო მიზანი ჯერ მიღწეული არ არის, ჟორა კეისარი თვლის, რომ ამ ხალხის გარეშე პროექტი ვერ გახდებოდა ასეთი მასშტაბური. ექსპერიმენტი, მისი განმარტებით, აუცილებლად მიიღებს საბოლოო სახეს, თუმცა პროექტს მას შემდეგ თვლის წარმატებულად, რაც პირველი შემოთავაზება მიიღო. "რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, მის უკან მე და სამეგობროს მიერ პერიოდულად (საჭიროებისამებრ) გამოწვდილი ხელები დგას. ერთი მეგობარი კამერას მათხოვებს ან მეუღლე გადამიღებს სმარტფონის მაღალხარისხიანი კამერით. მეორე მეგობარი ინტროსთვის ხმას ჩამიწერს, მესამე პროექტის ლოგოს დამიხატავს და ამ პრინციპით, უკვე 7 გაცვლა შედგა. საბოლოო ნივთის გაცვლის შემდეგ დაზუსტებით ვერ გეტყვით, რა იქნება. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ გაჩერებას არ ვაპირებ და არც ის მინდა, რომ "ისევ ჟორამ ცვალოს რაღაცები". ალბათ, ამ ფორმატს უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიეცემა. არის რამდენიმე სავარაუდო სცენარის მონახაზი, თუმცა ამ საკითხზე საუბარი, ვიფქრობ, ჯერ ზედმეტად ადრეა. სხვადასხვა სოციალურ აქტივობას თუ არ ჩავთვლით, მსგავსი მასშტაბის პროექტის ავტორი და ინიციატორი აქამდე არ ვყოფილვარ (რისი მიზეზიც, ალბათ, შემართების თუ თავდაჯერებულობის ნაკლებობა იყო), თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის", - აცხადებს ქართველი ვიდეობლოგერი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს