მადლობა ვის? დავიწყოთ მადლობით ...
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"კაცნი ურთიერთშეწევნისთვის არიან შექმნილნი" (homo in adjutorium mutuum genitus est, De ira) – სენეკა
"ვინც გმობს და გაურბის მოყვასს, წინააღმდგომიც იგია მისი" – მარკუს ავრელიუსი
ამერიკამ, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, მსოფლიოს ერთი მაგარი რამეც აჩუქა – მადლიერების დღე, რომელიც ყოველწლიურად, ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აღინიშნება და ამერიკელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია.
მადლიერების დღეს უკვე მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და არც საქართველოა გამონაკლისი. სიმბოლურია, რომ ამერიკული Entrepreneur-ის ქართული გამოცემის რედაქტორს მორიგი სარედაქციო სვეტის წერა სწორედ მადლიერების დღეს – 2020 წლის 26 ნოემბერს მიწევს და მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვა თემები მიტრიალებდა თავში, ამ სიმბოლური თანხვედრის გავლენით, გადავწყვიტე, სტატია ამჯერად სწორედ მადლიერებას მივუძღვნა.
დავიწყოთ მადლობით...
მადლობა ყველას, ვინც
- უარი მითხრა
- მიღალატა
- ცილი დამწამა
- გადამაგდო
- მომატყუა
- გამაცურა
- გამომიყენა
- არ მიმიღო
- არ დამინდო
- არ დამაფასა
- არ დამიფასა
- გამჭორა
- ფეხი დამიდო
- გული მატკინა
- უსამართლოდ მომექცა
- ალმაცერად შემომხედა
- შეურაცხყოფა მომაყენა
- იმედი გამიცრუა
მადლობა ყველას, ვინც
- ჩემს შეთავაზებულ ოქროს სხვისი ბიჟუტერია არჩია
- ჩემს საქმეს არ ენდო და სხვისი სიტყვისა დაიჯერა
- ჩემს კეთილმოსურნედ გამეცნო და ჩემი მტერი აღმოჩნდა
მადლობა ყველა
- უმადურს
- შურიანს
- ბოროტს
- პირფერს
- ორპირს
- მლიქვნელს
გამოდით, გიცანით :) დღეს მადლიერების დღეა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ფასდაუდებელი სამსახური გამიწიეთ – მასწავლეთ ცუდისა და კარგის გარჩევა, მიბიძგეთ, მუდმივად მემუშავა საკუთარ თავზე, დამარწმუნეთ, რომ სხვას თქვენსავით არასოდეს უნდა მოვექცე და თქვენ არასოდეს უნდა დაგემსგავსოთ...
პატარებმა გამზარდეთ, უვიცებმა დამაჭკვიანეთ, სუსტებმა გამაძლიერეთ, უნებისყოფოებმა გამომაწრთეთ!
და რაც მთავარია, შემაძლებინეთ თქვენთვის, ასე საჯაროდ, მადლობის გადახდა – სამაგიეროს გადახდის ნაცვლად!
რადგან მიმახვედრეთ, რომ რაც თქვენში არ მომწონდა და მაღიზიანებდა, საკუთარი თავის უკეთ აღქმასა და უკეთ გაგებაში, საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობაში, სისუსტეების აღმოჩენასა და მათ აღმოფხვრაში, სრულყოფილებისკენ მუდმივი სწრაფვის მცდელობაში მეხმარებოდა, მეხმარება და მომავალშიც დამეხმარება!
დღეს ცხოვრება უფრო რთულია, ვიდრე გუშინ იყო, მაგრამ თქვენი წყალობით, დღეს მეტი შემიძლია, მეტს ვხვდები, მეტს ვჭვრეტ, მეტად მედგარი, მეტად შემწყნარებელი, მეტად მომთმენი და მეტად შეუპოვარი ვარ.
დიახ, ეს თქვენი დამსახურებაა. თქვენზე უკეთეს მასწავლებელს ვერც ვინატრებდი. დღეს მადლიერების დღეა და ამ ლამაზ დღეს თქვენი ერთგული მოსწავლე მადლობას გიხდით ფასდაუდებელი ცხოვრებისეული გაკვეთილებისთვის.
მადლობა თქვენ ასეთი საჩუქრისთვის – უნიკალური შესაძლებლობისთვის, ჩავღრმავებოდი საკუთარ თავს, მიმეგნო სუსტი წერტილებისთვის და დაუღალავად მემუშავა მათ გაძლიერებაზე, შიშის დაძლევაზე, კომპლექსების გადალახვაზე, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაზე, საკუთარი თავის უკეთ შეცნობაზე.
და კიდევ, მადლობა ამერიკას და ამერიკელ ხალხს, მადლიერების დღე რომ გვაჩუქა! Entrepreneur-თან ერთად, რა თქმა უნდა :)
წინ ახალი გამოწვევებია! მუდმივი განვითარება კი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა. ასე რომ, ეჭვი მაქვს, კიდევ ბევრი ადამიანისთვის მომიწევს მადლობის გადახდა...
P.S.: როგორც ფილოსოფოსი იმპერატორი მარკუს ავრელიუსი იტყოდა:
"დილაადრიან ასე არქვი საკუთარ თავს: დღეს შევეყრები აბეზარს, უმადურს, მზვაობარს, გულღრძოს, მოშურნეს, მზაკვარს. ყველა ამ ბიწით უმეცრებამ შემოსა ისინი, უმეცრებამ კეთილისა და ბოროტისა... ჭეშმარიტად აღარ ძალმიძს რაიმე ვივნო რომელიმე მათგანისაგან, რადგან აღარვის ხელეწიფების სირცხვილეულ-მყოს ამიერიდან; აღარ ძალმიძს შევრისხო და მოვიძულო ჩემი მოყვასი, რადგან ჩვენ თანამშრომლობისა და თანამოღვაწეობისთვის ვართ შექმნილნი, როგორც ხელები, ფეხები, ქუთუთონი, ზედა და ქვედა ყბები. ამიტომ ურთიერთ წინააღდგომა ბუნების წინააღმდეგ აღძვრასა ნიშნავს".
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
26.11.2020