Black Friday Sale! 50% Off All Access

ანტრეპრენერობა სკოლიდან პროგრამის მთავარი ხიბლი ის გახლავთ, რომ პრაქტიკული სწავლების მეთოდს ემყარება – იქმნება რეალური კომპანიები, ინიშნება პრეზიდენტი, იყიდება აქციები და ა.შ.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქეთი მოწონელიძე

რამდენიმე წელია, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს შეუერთდა, რომლებშიც სამეწარმეო განათლება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე ისწავლება. სასკოლო მოდული "მეწარმეობის საფუძვლები" არასამთავრობო ორგანიზაციამ Junior Achievement Georgia განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი პროექტისთვის შეიმუშავა. Junior Achievement მსოფლიოში ერთი-ერთი ყველაზე გამოცდილი და შედეგიანი პროგრამაა, რომელიც ათწლეულზე მეტია საქართველოშიც ხორციელდება. "მეწარმეობის საფუძვლები", იგივე "მოსწავლეთა კომპანია", ყველაზე მასშტაბურია და ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზადყოფნის, მეწარმეობის უნარებისა და ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურება. "მოსწავლეთა კომპანია" ევროპის კომისიამ სამეწარმეო განათლებაში საუკეთესო პრაქტიკად აღიარა. ჟურნალი Entrepreneur ეკა გეგეშიძეს – Junior Achievement Georgia-ს აღმასრულებელ დირექტორს, შეხვდა და შეეცადა გაერკვია, თუ როგორ მუშაობს აღნიშნული პროექტი ჩვენს რეალობაში. ასევე გაგაცნობთ სამეწარმეო განათლების ფორუმზე 2018 წლის საუკეთესო "მოსწავლეთა კომპანიად" დასახელებულ, 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ შექმნილ კომპანიას Skill Board.

პროგრამის არსი

პროგრამა Junior Achievement საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც1919 წელს ჰორას მოუზესმა შექმნა. მასაჩუსეტსში დაფუძნებული კომპანიის მიზანი შტატის ახალგაზრდობაში სამეწარმეო სულისკვეთების გაღვივება და მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ორგანიზაცია რეგიონულიდან ნაციონალურად გარდაიქმნა. 1960-იან წლებში კი საერთაშორისო მასშტაბზე გავიდა.

პროგრამის მთავარი ხიბლი ის გახლავთ, რომ პრაქტიკული სწავლების მეთოდს ემყარება – იქმნება რეალური კომპანიები, ინიშნება პრეზიდენტი, იყიდება აქციები და ა.შ.

როგორც Junior Achievement Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი აღწერს, პროგრამის საწყის ეტაპზე მოსწავლეები ბრეინსთორმინგის ტექნიკურ ხერხებს ითვისებენ, ასრულებენ სავარჯიშოებს შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად, რასაც ჯგუფური სამუშაოები მოსდევს. პროცესი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. შემდეგ საფეხურზე მონაწილეთა იდეების შეფასება-დახარისხება ხდება და ბავშვები მარკეტინგული კვლევის პროცესს იწყებენ, სწავლობენ ბიზნესგეგმის აგებას, წესდების შექმნას, სტარტაპკაპიტალის დაანგარიშებას.

საუკეთესოთა ოცეულში მოხვედრილები ყიდვა-გაყიდვის გამოფენაში იღებენ მონაწილეობას. პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტები თავიანთ კომპანიასა და პროდუქტს აუდიტორიას წარუდგენენ. საბოლოოდ კი, კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულს ავლენს, რომელიც ამავე ფორმატის ჩემპიონატზე ევროპაში მიემგზავრება.

ჯამში, პროგრამაში, დაახლოებით 249 სკოლა და 6000 მოსწავლეა ჩართული. ორგანიზაციის სასწავლო ცენტრები ზუგდიდში, ლაგოდეხსა და თბილისში ფუნქციონირებს. თბილისის ოფისიდან პროექტის ადმინისტრირებას 6 ადამიანი ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ამ დრომდე შექმნილი სიმულაციური კომპანიების მთლიანი ოდენობა 1000-ზე მეტია.

პროგრამაში ჩართვის მსურველ მასწავლებელთათვის საგნობრივ განხრაზე შეზღუდვა არ არის, თუმცა განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, სასურველია სამოქალაქო განათლების პედაგოგები გადამზადდნენ. ეკას დაკვირვებით, ყველაზე კარგ შედეგებს, როგორც წესი, გეოგრაფიისა და მათემატიკის მასწავლებლები აღწევენ. პროექტში მონდომებით ერთვებიან ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგები და სკოლის ბუღალტრებიც.

საქართველოში პროგრამა მხოლოდ გრანტებზეა დამოკიდებული. სხვა ქვეყნებში მსგავსი ტიპის პროექტებში კერძო ბიზნესების ჩართულობა ბევრად მაღალია. "შეიძლება ჩვენი ბრალიცაა – ბიზნესთან ურთიერთობა დასახვეწი გვაქვს. კარგად უნდა გაიაზრონ, მათ ჩართულობას რამხელა მნიშვნელობა აქვს", – გვიხსნის ეკა.

არსებული გამოწვევები

ორგანიზაციის უპირველესი გამოწვევა ამ დროისთვის ფინანსური არამდგრადობაა. როგორც ეკა გეგეშიძე ამბობს, შეზღუდული ადამიანური და ფინანსური რესურსი ორგანიზაციას ბევრი ინიციატივის განხორციელებაში უშლის ხელს.

აღმასრულებელი დირექტორი სკოლებში არსებულ წინააღმდეგობებზეც ამახვილებს ყურადღებას. ორგანიზაციისთვის დირექტორთა სკეპტიკური განწყობა სიახლეების მიმართ შემაფერხებელი ფაქტორია. მაშინაც კი, როცა Junior Achievement Georgia სკოლას სასწავლო მასალით უფასოდ უზრუნველყოფს, დირექტორები "მეწარმეობის საფუძვლებისთვის" დროის დათმობაზე მერყეობენ. გარდა ამისა, სკოლების ინიციატივით, სხვადასხვა პროექტში ძირითადად ერთი და იგივე, აქტიური და წარმატებული მოსწავლეები ერთვებიან, შედარებით დაბალი მოსწრების მქონე ბავშვებს კი ამის შანსი თითქმის არ ეძლევათ. "შესაძლოა დიდ დროს მშობლების პრეფერენციებიც თამაშობს. ბევრისთვის უფრო მნიშვნელოვანია, მისმა შვილმა უცხო ენა შეისწავლოს, ვიდრე მეწარმეობა აითვისოს. ისინი პროგრამის დადებით მხარეებს კარგად ვერ აღიქვამენ და მხოლოდ იმაზე არიან მომართულნი, ბავშვებს სტანდარტული განათლება მისცენ. რეალურად კი, ბევრი განათლებული ადამიანი საკუთარი ცოდნის შესაბამის რეალიზებას ვერ ახერხებს და სრულიად შეუსაბამო საქმიანობითაა დაკავებული. შედეგად, მუდმივი სტრესის ქვეშ ცხოვრობენ. მათ არ აქვთ გამომუშავებული საკუთარი ცოდნის სწორად გამოყენებისა და თანმიმდევრული შრომის უნარ-ჩვევები. ჩვენ კი, სწორედ ამას ვასწავლით".

"მოსწავლეთა კომპანიების" რამდენიმე მაგალითი

პროგრამის ფარგლებში, ქართველი მოზარდები, ძირითადად, ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან. ეკა გასული წლის ფავორიტის – სკოლა "IB-მთიების" ბიზნესპროექტს იხსენებს: "ჯგუფის წევრები რიყის ქვებს ღებავდნენ. წინა მხარეს ნახატებით აფორმებდნენ, უკან კი ისეთ მინაწერებს უკეთებდნენ, როგორებიცაა: "ეს არის სიყვარულის ამულეტი. თუ ის გაქვს, ბედნიერება შენ ხელთაა", და ასე შემდეგ... ამზადებდნენ "ფულის", "ბედნიერებისა" და სხვა მსგავსი სიმბოლიკის ქვებს, შემდეგ კი საკმაოდ ხელსაყრელ ფასად ყიდდნენ. ფაქტობრივად, ეს არის საქმის კეთება არაფრით. როდესაც სტარტაპკაპიტალის არარსებობას უჩივიან, ვუხსნი, რომ მეწარმეობა სწორედ ესაა – რესურსების უკმარისობის მიუხედავად, საქმე აკეთო და ფული გამოიმუშავო. ამის მრავალი მეთოდი არსებობს, რომლებიც სახელმძღვანელოშია თავმოყრილი. რიყის ქვებითა და 10-ლარიანი საღებავებით, ბიზნესის წამოწყებაც ერთ-ერთი დამადასტურებელი მაგალითია".

არგუმენტების გასამყარებლად, ეკა კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს იხსენებს: "51-ე საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონებმა ჩინური საიტიდან ნატურალური სურნელის ელექსირები გამოიწერეს და მათგან "სიყვარულის", "ბედნიერებისა" და "ბარაქის" სუნამოები შექმნეს. თავიანთ პროდუქტს ეკოლოგიურად სუფთა მასალებით ამზადებდნენ და საკმაოდ წარმატებით ყიდდნენ.

ამავე პროგრამის ფარგლებში, ჩამოყალიბდა კომპანია, რომელმაც სოფლის მეურნეობის პროდუქტი – ტყის კენკრა, შეფუთა და გაყიდა. სხვებმა ცხოველური წარმოშობის კვეთი შექმნეს და დააპატენტეს. ამ პროექტში მასწავლებელიც იყო ჩართული. სწორედ მისი დახმარებით შეიქმნა ყველის დასამზადებელი, ორგანიზმისთვის უსაფრთხო ორგანული მასალა.

რაც შეეხება ხელნაკეთი ნივთების წარმოებას, ამ მხრივ საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთა მიერ წამოწყებული ბიზნესი მესტიაში, სადაც სუვენირები საკმაოდ დეფიციტურია. იდეა 15-16 წლის ბავშვებმა განახორციელეს და გასაყიდად სუვენირების ჩაბარებაც დაიწყეს.

გასულ ზაფხულს, პროგრამის კურსდამთავრებულ მერი კავთელიშვილს, რამდენიმე ამერიკულმა უნივერსიტეტმა გრანტი გადასცა. გოგონამ დადებითი უკუკავშირი მიიღო არა მარტო მათემატიკისა და ფიზიკის ოლიმპიადაზე გამარჯვების გამო, არამედ იმიტომაც, რომ მას ბიზნესის წარმოების რეალური გამოცდილება ჰქონდა. თანამოაზრეებთან ერთად, ინტერნეტის მეშვეობით, მან საპნის წარმოება შეისწავლა და იდეის კომერციალიზაცია შეძლო. როგორც ეკა აღნიშნავს, არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა პროგრამის მეშვეობით, თავად მასწავლებლებიც იწყებენ ბიზნესს. მაგალითად, 2006-2007 წლებში მე-15 საჯარო სკოლის მასწავლებელმა საკუთარი მაღაზია გახსნა. ერთ-ერთი პირველი მოსწავლეთა კომპანია, ნელი რევაზიშვილმა, გავაზის საჯარო სკოლაში ჩამოაყალიბა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა მწვანილის სათბური აამუშავეს. ნელი ამჟამად სკოლაშიც ასწავლის და მის ოჯახს საკმაოდ დიდი მეურნეობა აქვს.

Skill Board – 2018 წლის საუკეთესო "მოსწავლეთა კომპანია"

25 აპრილს, სამეწარმეო განათლების ფორუმზე Junior Achievement Georgia-მ 2018 წლის საუკეთესო "მოსწავლეთა კომპანია" გამოავლინა. კონკურსის გამარჯვებული, თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ "სამეწარმეო საფუძვლების" სწავლების ფარგლებში შექმნილი Skill Board გახდა.

გუნდი პრეზიდენტის, ადამიანური რესურსების, მარკეტინგის, ფინანსური და წარმოების მენეჯერისგანაა დაკომპლექტებული. პრეზიდენტის არჩევა ხმის მიცემით მოხდა, ხოლო დანარჩენი წევრები მოსწავლეთა განცხადებების განხილვისა და კანდიდატებთან ჩატარებული გასაუბრებების საფუძველზე შეირჩნენ.

როგორ გაჩნდა იდეა?

კლასში თავდაპირველად ბევრი იდეა წარმოიშვა, მათი განხილვისა და გადახარისხების შედეგად კი, არჩევანი სოციალურ ანტრეპრენერობაზე შეჩერდა. ინიციატივის მიზანი ისეთი პროდუქტის შექმნა იყო, რომელსაც არა მარტო მატერიალური, არამედ სოციალური ღირებულებაც ექნებოდა.

"ჩვენ გარშემო ბევრი ისეთი ბავშვი იყო, რომელთაც მოტორული განვითარების მხრივ ჩამორჩენა ჰქონდათ (მოტორული განვითარება – ბავშვის უნარი, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ამუშავებით შეასრულოს ესა თუ ის ქმედება და აკონტროლოს საკუთარი სხეულის მოძრაობა). ინსპირაცია მათგან მივიღეთ. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ამ სირთულეების დაძლევაში დაეხმარებოდათ", – გვიყვება "მოსწავლეთა კომპანია" Skill Board-ის პრეზიდენტი ანი გოგოლაძე.

აღნიშნულ იდეაზე მუშაობისას აღმოაჩინეს, რომ უკვე არსებობდა ე.წ. Busy Board – სხვადასხვა ნივთით დატვირთული ერთგვარი დაფა მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, და გადაწყვიტეს, მისი მსგავსი, თუმცა ამავდროულად, განსხვავებული ქართული პროდუქტი შეექმნათ.

საწყისი კაპიტალი – 250 ლარი

პროდუქტის წარმოებისთვის, კომპანიამ ფინანსური მხარდაჭერა 100 ლარის ოდენობით სკოლიდან მიიღო. სკოლაშივე გაიყიდა კომპანიის 15 აქცია, თითოეული 10 ლარის ღირებულებით. დაგროვილი თანხით გუნდმა 10 დაფა დაამზადა.

პროდუქტის შექმნის პროცესი

დაფის წარმოების დაწყებამდე, გუნდმა კონსულტაცია სკოლის ფსიქოლოგებთან იმის გასარკვევად გაიარა, დაფაზე წარმოდგენილი რომელი ნივთი იქნებოდა უფრო სასარგებლო ბავშვებისთვის. სამიზნე აუდიტორიაში გამოკითხვაც ჩაატარეს. კვლევის ფარგლებში, ბაღებსა თუ სავაჭრო ცენტრებში გამოიკითხა ორმოცამდე ადამიანი, მათ შორის –მცირეწლოვანთა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა მშობლები. გამოკითხულთა 70%-მა პროდუქტი მოიწონა და შეკითხვაზე, იყიდდნენ თუ არა დაფას, დადებითად უპასუხა. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გამოკითხვა პროდუქტის დიზაინის დახვეწის კუთხითაც. მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, რომ დაფის გარედან გაფორმება თავდაპირველად გეგმაში არ იყო, თუმცა გამოკითხულმა მშობლებმა ურჩიეს, ფერებით დაეტვირთათ, რათა ბავშვის თვალისთვის მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო. შედეგად, პროდუქტის დიზაინში ცვლილებები შეიტანეს.

დაფის დამზადებას ერთი დღე სჭირდება, მის გაშრობას – 3 დღე. როგორც წარმოების მენეჯერი აღნიშნავს, ეს ფრიად საინტერესო და სახალისო პროცესია. პროდუქტის შექმნა გუნდს 25 ლარი უჯდება, სარეალიზაციო ფასი კი 30 ლარია. "ყველა სფეროში თანაბრად ვართ ჩართულნი – იქნება ეს კონსტრუქციის აწყობა, მასზე ნივთების დამაგრება თუ ჭრა-კერვა. ყველაფერი ავითვისეთ და ერთად ვმუშაობთ", – ამაყობს Skill Board-ის პრეზიდენტი.

Skill Board – რა დევს ყუთში?

Skill Board-ის დაფა, რომელსაც სათამაშო ყუთის ვიზუალი აქვს, 5-დან 6 წლამდე პატარებისთვის და სპეციალური საჭიროების მქონე ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვისაა განკუთვნილი. მასში მოთავსებული სხვადასხვა ნივთი მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს. დაფის მთავარ ნაწილში ისეთი დეტალებია განთავსებული, როგორებიცაა დენის წყარო თავისი შესაერთებლით, თასმები, "ელვა"-შესაკრავი, თავსატეხი, ქამარი, ფიგურები, ღილები და სხვა.

"თასმები ყველაზე მეტად მოსწონთ. თავდაპირველად შინიდან მოტანილი კედის თასმით გავაკეთეთ, მერე ახალი დიზაინი შევქმენით. საშუალოდ, 10 წლამდე ბავშვებს უჭირთ თასმების შეკვრა, ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი განთავსება", – გვიხსნის წარმოების მენეჯერი გაგა ფიცხელაური.

მარკეტინგი

სამიზნე აუდიტორიასთან ძირითად საკომუნიკაციო არხად მარკეტინგის მენეჯერი სოციალურ მედიას იყენებს. Facebook-ის მეშვეობით, გუნდმა 4 დაფა გაყიდა, რაც გარკვეულწილად Influencer Marketing-ი??ს გამოყენების შედეგიც იყო.

"ძირითადად, Facebook-გვერდის მეშვეობით ვყიდით, ჩვენს გვერდს ვაზიარებთ ჯგუფებში, სადაც გაწევრიანებული ვართ. გამოფენა-გაყიდვაზე გურამ შეროზია ჟიურის წევრი იყო. მასზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინეთ და Facebook-ზე გურამის დადებითი რეკომენდაციის მეშვეობით, რამდენიმე დაფის გაყიდვა შევძელით. ახლაც გვაქვს შეკვეთა, რომლის დამზადების პროცესშიც ვართ", – აღნიშნავს ანი გოგოლაძე Entrepreneur-თან საუბრისას.

Skill Board "მოსწავლეთა კომპანიების" საერთაშორისო გამოფენაზე ესტონეთში მიიწვიეს.

სირთულეები

"კომპანიის" წევრები იმ სირთულეებზე მოგვითხრობენ, რომლებიც მათ პირველი დაფის დამზადებისას შეექმნათ.

"სანამ აქციებს გავყიდდით, ფინანსების სიმცირე გვაფერხებდა. თანაც, პირველი დაფის დამზადებისას, ბიუჯეტი არასწორად დავხარჯეთ. შეგვეძლო უფრო რაციონალურად გამოგვეყენებინა", – ამბობს ფინანსური მენეჯერი ნატა ჯოხაძე, – "პირველი დაფის დამზადება მარტივი არ იყო. ისეთი მასალები შევიძინეთ, რომლებიც არ გვჭირდებოდა და ვერც გამოვიყენეთ. დამუშავებაც სახალისო პროცესი იყო, თუმცა საკმაოდ რთულიც აღმოჩნდა", – გვიყვება მარკეტინგის მენეჯერი ანი კაპანაძე.

ადამიანური რესურსების მენეჯერი თამარ მაზმიშვილი კი დროის ფაქტორს უსვამს ხაზს. Skill Board-ზე მუშაობა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის პარალელურად უწევდათ. შესაბამისად, დროის დეფიციტი მათთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა.

სამომავლო გეგმები

მართალია, პროექტის "მეწარმეობის საფუძვლები" საგანმანათლებლო აქტივობები სასწავლო პროცესის დასრულებასთან ერთად წყდება, მაგრამ Skill Board-ის გუნდს სურს, კომპანია ოფიციალურად დაარეგისტრიროს და საქმიანობა უკვე არა სიმულაციური, არამედ რეალური კომპანიის სახელით განაგრძოს.

კომპანიის პრეზიდენტი ანი გოგოლაძე პროდუქტის შესაძლო დივერსიფიცირებაზე საუბრობს. სურთ ისეთი თემატური დაფების წარმოება დაიწყონ, რომლებიც მარტივი და კონკრეტულ მიზანზე კონცენტრირებული იქნება. ასევე, კონკრეტული უნარის განვითარებას შეუწყობს ხელს, როგორიცაა მაგალითად, მხოლოდ საკეტები, ფერების აღსაქმელი ფიგურები, საყოფაცხოვრებო ნივთების დაფები.

დამუშავების პროცესშია ახალი მარკეტინგული სტრატეგიებიც. გუნდი ბაღებსა და სკოლებში ბავშვებისთვის პროდუქტის წარსადგენ ვიზიტებს და რესურსოთახებისთვის პროდუქტის შეთავაზებებს გეგმავს.

Skill Board-ის პრეზიდენტი ანი გოგოლაძე იმ უნარებს გვიზიარებს, რომლის გარეშეც, მისი აზრით, წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია: "მნიშვნელოვანია, გქონდეთ ახლის ათვისების უნარი. უნდა შეგეძლოთ ყველა სიტუაციაზე მორგება და სირთულეებმა არ უნდა შეგაშინონ. ეფექტური კომუნიკაცია, საზოგადოებასთან ადაპტაცია და მათ ენაზე საუბარი, წარმატებისკენ სვლის დროს აუცილებლად გამოგადგებათ. არანაკლებ მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და ჯგუფთან მუშაობის, მოსმენის უნარი. თუ საკუთარი აზრის გარდა, არავისი აზრით არ დაინტერესდებით, სავარაუდოდ, თქვენი ყველა წამოწყება წარუმატებლად დასრულდება. აუცილებელია, იყოთ გახსნილი და მომხმარებელზე ორიენტირებული. მომხმარებლისა და სამიზნე ჯგუფის სურვილების, ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ბიზნესი წარმატებას ვერ მიაღწევს".

რა შეგძინათ ამ პროექტმა?

ანი გოგოლაძე – პრეზიდენტი: "გვასწავლა ერთმანეთთან, ხალხთან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობა. ვიმოგზაურეთ საზღვარგარეთ, რაც ჩვენთვის დიდი მიღწევა და გამოცდილებაა. ბევრ ისეთ ადგილას აღმოვჩნდით, სადაც მანამდე საკუთარ თავს ვერ წამოვიდგენდით. მაგალითად, ხის დასამზადებელ საამქროში".

ნატა ჯოხაძე – ფინანსური მენეჯერი: "ეს სფერო ბავშვობიდან მიზიდავდა. საგანმა "მეწარმეობის საფუძვლები" კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა, უკეთ დავეუფლო და პროფესიაც ამ მიმართულებით ავირჩიო".


გახა ფიცხელაური – წარმოების მენეჯერი: "პროექტმა საშუალება მოგვცა, მიგვეღო ცოდნა ერთმანეთისგან განსხვავებულ პროფესიებზე. მე, მაგალითად, წარმოების მენეჯერი ვარ, მაგრამ წარმოდგენა შემექმნა ფინანსური მენეჯერისა და მარკეტინგის საქმიანობაზეც.

ანი კაპანაძე – მარკეტინგის მენეჯერი: "ფასდაუდებელი გამოცდილება იყო. დაფების დამზადების პროცესში უამრავი რამ ვისწავლეთ. ერთად ვმუშაობდით და ძალისხმევას არ ვიშურებდით, მომხმარებლისთვის კარგი პროდუქტი შეგვეთავაზებინა. სწორედ ამ პროცესში გამომუშავებული უნარ-ჩვევებია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი".


თამარ მაზმიშვილი – ადამიანური რესურსების მენეჯერი: "პროექტმა საშუალება მომცა, ამ სფეროში გამომეცადა თავი, ხოლო მომავალში თუ გადავწყვეტ ამავე კუთხით მუშაობის გაგრძელებას, ჩემი სამეწარმეო გამოცდილება ძალიან გამომადგება".





ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია