მორალური პასუხისმგებლობა - ილია ნიკაჭაძე ტვირთი თუ კომფორტი?
By თაკო გვაზავა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ილია ნიკაჭაძე
ფსიქოკონსულტანტი, NLP Coach მასტერი, 4motivi.com-ის თანადამფუძნებელი
მორალი – წესების ერთობლიობაა, რომელზეც საზოგადოების კონკრეტული ჯგუფი მეტ-ნაკლებად თანხმდება. ფაქტი, რომ "მორალური პასუხისმგებლობა" სხვადასხვა ფორმით ყველა ეპოქასა და საზოგადოებაში არსებობს, გვაფიქრებინებს, რომ მას ადამიანის ყოფაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
რაში გვჭირდება საერთო წესებზე შეთანხმება? რა ფსიქოლოგიური და ფიზიკური სარგებელი უდევს საფუძვლად ამ ფენომენს? საერთო ნორმების არსებობა ერთ ენაზე კომუნიკაციის განცდას ქმნის. საზოგადოება მორალური ნორმების გარეშე ბაბილონის გოდოლის სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მაშენებლებს დაემსგავსება.
ადამიანში არის ანდროგენული საწყისი, რაც მას მაქსიმალური სარგებლის მიღებისკენ უბიძგებს, მუდმივი წინსვლისა და სიმაღლეების დაპყრობის სტიმულს უქმნის. ყველაფერი იდეალურადაა, ვიდრე აღნიშნული ტიპის ადამიანები ერთმანეთის პირისპირ არ აღმოჩნდებიან. მათ ბრმა კონკურენციას ხშირად დამანგრეველი ეფექტი აქვს. ასეთი ტიპის ადამიანები ნაკლებად იწვევენ ნდობას, მათი მხრიდან მიზნის მისაღწევად "ყველაფერზე წამსვლელობა" შიშს აღძრავს. შიში კი დისტანცირების სურვილს აჩენს. "შინაგანი მუხრუჭის" არმქონე ადამიანები, დიდი კარიერული წარმატების მიუხედავად, ხშირად ასრულებენ საკუთარ ცხოვრებას იზოლირებასა და მარტოობაში.
მორალური ადამიანი ქმნის განცდას, რომ მას შეუძლია დაგითმოს, დაგეთანხმოს, მოგყვეს, რაც უსაფრთხოდ გვაგრძნობინებს თავს და თანამშრომლობის სურვილს აღგვიძრავს.
არის ასეთი ენამოსწრებული ამბავი მომაკვდავ ებრაელზე, რომელსაც შვილები მიმართავენ:
– მამა, გვასწავლე, როგორ მოხდა, რომ ყველას უყვარხარ?
– მარტივია – ყველას ყველაფერში ვეთანხმებოდი, – პასუხობს მამა.
– კი მაგრამ, ეგ ხომ შეუძლებელია? – ეკითხება ერთ-ერთი.
– შენ აბსოლუტურად მართალი ხარ, შვილო!
ასევე უნდა ითქვას, რომ "მე"-სა (პირადი სურვილი) და "ჩვენ"-ს (მორალური პასუხისმგებლობა) შორის ბალანსის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მორალის ხარჯზე საკუთარი ინდივიდუალური სურვილების იგნორირებას მივყავართ ჯერი ჰარვის "აბილინის პარადოქსამდე".
პარადოქსი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც ყველა ბრმად ითვალისწინებს ერთმანეთის სურვილებს, საკუთარი მოთხოვნილებების უგულველყოფის ხარჯზე, საბოლოოდ, ეს ყველას უკმაყოფილებით სრულდება.
ზიგმუნდ ფროიდს მორალური პასუხისმგებლობა (სუპერ-ეგო) სოციალიზაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიაჩნდა და იქვე აღნიშნავდა, რომ სუპერ-ეგოს ხარჯზე პირადი სურვილების დათრგუნვა ფსიქიკური დარღვევების (ნევროზების) წინაპირობაა.
ბალანსი მორალურ პასუხიმგებლობასა და პირად სურვილებს შორის, გაცნობიერებაზე დაფუძნებული სიტუაციური მიდგომა, წარმატებისა და სტაბილური სოციალური ცხოვრების საფუძველია.