ICO – რამდენად შეცვლის კრიპტოსამყარო Startup-ის დაფინანსების წესებს "ძნელია შეეწინააღმდეგო ცდუნებას, როდესაც ინვესტიცია წელიწადში რამდენიმე ათეულჯერ იზრდება და საინვესტიციო კაპიტალი ათობით და ასობით მილიონ აშშ დოლარს აღწევს"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საინფორმაციო-ტექნოლოგიური რევოლუციის მოახლოება და ინტერნეტგარემო, XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან, თითქმის ყველა ბიზნესს აიძულებს, online-ში გადაინაცვლოს. შესაბამისად, იცვლება ფინანსების და ეკონომიკის მართვის მეთოდებიც. საუბარია startup-ბიზნესისთვის თანხის მოზიდვის ისეთ ახალ მეთოდზე, როგორიცაა ICO (Initial Coin Offering). საქმე გვაქვს ძალიან მარტივ სქემასთან, რომელიც კრიპტოვალუტისა და გონიერი კონტრაქტების (SMART-CONTRACT) განვითარების შედეგად გახდა შესაძლებელი. ICO, ანუ საკუთარი კრიპტოვალუტის/მონეტების/ შეთავაზება, გულისხმობს ახალი ფინანსური სისტემის შიგნით საკუთარ კრიპტოვალუტაზე აგებულ ეკონომიკას. ამავდროულად, ეს განაპირობებს სხვა ფიატურ (სახელმწიფო) თუ კრიპტოფულის მოზიდვას ახალი COIN-ის /მონეტის/ დასამზადებლად. მარტივად რომ ვთქვათ, ვაყალიბებთ საკუთარ startup-ს და მისი ეკონომიკის ასამუშავებლად ვქმნით ახალ, საკუთარ ფულს. შესაძენად, ინვესტორებმა იგი სხვა ვალუტით (არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ფიატური ფული თუ კრიპტოვალუტა) უნდა იყიდონ. იბადება მარტივი შეკითხვა: რატომ უნდა შეიძინოს ინვესტორმა ახალი ფული (coin/token), როდესაც მას თავდაპირველად არც რაიმე ღირებულება აქვს და არც სადმე, ბირჟაზე ხდება მისი გადაცვლა (იგულისხმება გადასახურდავებელი Exchange-ები, ე.წ. კრიპტობირჟები). პასუხი ერთი შეხედვით იმდენად ბანალურია, რომ დაჯერებაც კი ძნელია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება – წარმატებული ICO-ს მონეტების ფასი, გამოშვებიდან 3-12 თვის განმავლობაში, აშშ დოლარის ეკვივალენტით, 10-50 ჯერ და უფრო მეტჯერაც ძვირდება. ძნელია შეეწინააღმდეგო ცდუნებას, როდესაც ინვესტიცია წელიწადში რამდენიმე ათეულჯერ იზრდება და საინვესტიციო კაპიტალი ათობით და ასობით მილიონ აშშ დოლარს აღწევს. მაგალითისთვის, შეგვიძლია შევადაროთ 2017 წლის და 2018 წლის მხოლოდ პირველი კვარტალი:
ამ ცხრილების მარტივი შედარებიდანაც ჩანს 3 მილიარდი აშშ დოლარი 2017-ში და იგივე თანხა 2018 წლის მხოლოდ პირველ დეკადაში.
თუ გადავხედავთ და შევაჯამებთ ზემოთ ჩამოთვლილ პროექტებს, აშკარად ჩანს ახალი internet-ეკონომიკის უპირატესობა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ არაერთი სტატისტიკური მონაცემით, ბოლო 3 წლის ICO პროექტების 85-90% წარუმატებელი აღმოჩნდა, ანუ ე.წ. SCAM (არშემდგარი პროექტები, სადაც ინვესტორებმა სრულად დაკარგეს მათი ინვესტირებული კაპიტალი). სამწუხაროდ, დღეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება სახელმწიფოების ან სხვა მსხვილი ორგანიზაციების მიერ რეგულაციების დაწესება და არ არსებობს წესები, რის მიხედვითაც მომავალ ინვესტორს შეუძლია მეტნაკლებად დაცულად იგრძნოს თავი და არაკეთილსინდისიერ/წარუმატებელ ICO- პროექტებს აერიდოს, მაგრამ კომერციული ორგანიზაციები და კერძო აუდიტორები უკვე ცდილობენ წინასწარი რეიტინგების შედგენით შეაფასონ ან ურჩიონ მომავალ ინვესტორს პროექტის რენტაბელობა. თუმცა აშშ-ის მცხოვრებლებს უფრო გაუმართლათ – მათი რეგულაციის ორგანო SEC (Security and Exchange Commission) კრძალავს აშშ-ის მოქალაქეებზე უცხოური ICO-პროექტების – ტოკენების გაყიდვას, რითაც ცდილობს შედარებით გაუცნობიერებელი მოსახლეობის დაცვას არასასურველი შედეგებისგან.
ზუსტად ეს ფაქტორი უბიძგებს ყველა ინვესტორს, მეტი სიფრთხილით და ყურადღებით დააბანდოს ახალბედა პროექტების – ტეოკენების ეკონომიკაში საკუთარი მყარი ვალუტა (უმეტეს შემთხვევაში, ICO-პროექტებში დაბანდება კრიპტოვალუტებით ხდება. ძირითადად, BTC, ETH, Zcash, Litecoin...).